ოკუპირებული ახალგორიდან გამოძევებული თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არ მიუღია. ამის შესახებ აქტივისტი "პირველებთან" საუბრობს.
მისი თქმით, ბინა საზოგადოებიდან შეგროვილი თანხებით იქირავა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სრულფასოვნად მუშაობას ვერ ახერხებს და შემოსავლის მიღებას ხელნაკეთი ნივთებისა და მეორადი ტანსაცმლის გაყიდვით ცდილობს.
"ორი თვეა, რაც თბილისში ვარ, მართლა იძულებით ვარ, ჩემი სურვილი არ არის. ვცხოვრობ ბინაში, რომელიც საზოგადოებისგან შეგროვილი თანხებით ვიქირავე. მე არავინ შემხმიანებია, არავის მოვუკითხივარ. ერთადერთი, მოხდა ჩემი ტრანსპორტირება, ამას ტრანსპორტირებას ვარქმევ, როცა გამომაძევეს, გორში მიმიყვანეს ჰოსპიტალში და მანდ დასრულდა ჩენი ურთიერთობა. მითუმეტეს, დამინახეს, რომ ვიყავი ფეხშიშველი, დეკემბერში პიჟამოთი გამომაგდეს, არაფერი გამაჩნდა. თბილისში როცა ჩამოვედი, ჩეზე რამდენიმე სიუჟეტი გაკეთდა და ეს რომ გავრცელდა, ხალხმა დაიწყო ჩემზე ზრუნვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა, მაგრამ არავინ იყო ვალდებული, ვალდებული არის სახელმწიფო, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის ჩემს გვერდით.
არ მაქვს ჯერ ჯანმრთელობის მხრივ იმის საშუალება, რომ გრაფიკში ვიმუშავო, თუმცა სახლში დავიწყე ბროშების კეთება, რის რეალიზაციასაც ვაპირებ და ასევე სახლიდან მეორად ტანსაცმელს ვყიდი, რომელიც ჯერჯერობით ვერ გავააქტიურე კარგად, მაგრამ ჯერ ჩემით ეს მოვიფიქრე," - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
მეარაყიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით, ხოლო 31 დეკემბერს, გამოაძევეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მუეხედავად იმისა, რომ მას აქვს ე.წ.სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა. შინ დაბრუნების უფლებისთვის აქტივისტი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.