საქართველოში ხორბლის ფასი შემცირდა, რისი მიზეზიც, როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა განმარტავს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობაა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრის გავლენა ქართულ ბაზარზე არახალია. ამასთან ერთად, ფასის დაწევა გამოიწვია იმანაც, რომ ქართველი ფერმერების ნაწილმა ხორბლის მოსავალი არ გაყიდა, რის გამოც მწარმოებლებმა მარაგები იმპორტირებული ხორბლით შეივსეს.

„შიდა ბაზარზე ხორბლის ფასების დაწევა საერთაშორისო კონიუნქტურით არის გამოწვეული, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასები შემცირებულია და ეს ასახულია ქართულ ბაზარზეც. ეს არახალია, ვინაიდან საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა ადგილობრივ ბაზარზე გადმოდის და შესაბამისად, დღეს სწორედ ამ ტენდენციას ვუყურებთ. პლუს ამას, შენელებულია აქტიურობა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის წინ შემოვიტანეთ ხორბალი და ეს პროცესი 15 დეკემბერს დასრულდა. იძულებულები ვიყავით, იმპორტზე გვეზრუნა, რადგან ადგილობრივ ფერმერებს ფასი არ აწყობდათ. შედეგად, დღეს წისქვილკომბინატებში იმპორტირებული ხორბლის მარაგია. სავარაუდოდ, ადგილობრივი ფერმერები დასაწყობებული ხორბლის გაყიდვას ახალი მოსავლის წინ ელოდებიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფქვილის ფასიც სტაბილურია. გასული წლის ნოემბრისთვის ერთი ტომარა 60 ლარის ფარგლებში იყო, დღეს კი 58 ლარია“, - განმარტა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, ნებისმიერმა ბიზნესმა სასურველი შემოსავალი უნდა მიიღოს, თუმცა, სამწუხაროდ, ობიექტური რეალობა ის არის, რომ ფასები საერთაშორისო ბაზრის გავლენებიდან გამომდინარე ფორმირდება.

„დღეს კონიუნქტურა ისეთია, რომ ფაქტობრივად ფასი თვითღირებულებასთან ახლოს არის და ეს არის ობიექტური რეალობა. გაზაფხულზე, მარტის შემდეგ, როცა ახალი მოსავლის ტენდენციები გამოიკვეთება, ფასზე მსჯელობა მაშინ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, ფერმერებს მარაგების გაყიდვა მოუწევთ, რადგან ამ ბიზნესის ბუნება ისეა მოწყობილი, საცავები უნდა განთავისუფლდეს.

ჩვენ გვჭირდება ბაზრის მოწესრიგება, რათა ზუსტად ვიცოდეთ, როგორია სურათი - იმპორტის მხრივ, წისქვილ კომბინატებში, პურის ქარხნებში. ასევე, დაანონსებული იყო 200 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი, თუმცა საკმაოდ ცოტა ჩავიბარეთ და სად წავიდა ეს მოსავალი, გაიყიდა, თუ - არა, უცნობია. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ მოცემულობა, რათა ისე არ მოხდეს, რომ სხვაგან ვიყიდოთ, როგორც ახლა მოხდა და ამ შევსებულმა მარაგებმა შემდეგ ფერმერებს მოსავლის გაყიდვის შესაძლებლობა შეუზღუდოს“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.