„მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, თუ რა თქმა უნდა, ობიექტურად იქნება საკითხი განხილული, პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ასოციაციები და მეწარმეები“, - ამის შესახებ მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ სურსათის ფასებზე საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

როგორც ჩვენთან საუბრისას ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, ადგილობრივი მეწარმეები პროდუქციას დახლზე არსებულ ფასზე გაცილებით ნაკლებად ყიდიან, რასაც როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს და ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდება.

მისივე თქმით, საკითხის განხილვაში ჩართული უნდა იყვნენ მეწარმეები და ასოციაციები.

„სურსათის ფასები ყველასთვის მტკივნეულია. მე როგორც ქართველი მეწარმე ვიტყოდი, რომ მეწარმე პროდუქტს ყიდის საკმაოდ დაბალ ფასში. თუ ვისაუბრებთ რძის პროდუქტებზე, იცით, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა და ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები გვიწევს კონკურენციას; ვგულისხმობ რძის ფხვნილს, რომელიც დემპინგურ ფასად შემოდის ქვეყანაში.

ადგილობრივ მეწარმეებს ძალიან დაბალ მარჟაზე უწევთ მუშაობა. ბევრ სუპერმარკეტს აქვს ე.წ. „ქეშბექი“ და მარკეტში შეტანის პროცესშივე გეჭრება გარკვეული თანხა, ზოგს 5% აქვს, ზოგიერთ მარკეტში 18-20%-მდეც ადის. ამას ემატება დამატებითი მოგება მარკეტისგან და საბოლოო ჯამში, პროდუქცია მომხმარებელთან მიდის მაღალი ფასით.

უპირატესობა თუ არ მივანიჭეთ ქართულ წარმოებას და პროდუქციას, ფასები ყოველთვის ძალიან მერყევი და მაღალი იქნება, იმიტომ რომ, როდესაც ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ჩვენ ვერ გვექნება მყარი და გრძელ ვადაში გათვლილი ფასები. არ გვაქვს საკმარისი ადგილობრივი წარმოება როგორც რძის პროდუქტებში, ასევე მარცვლეულში - რძის პროდუქტების შემთხვევაში დაახლოებით 30%-ია ადგილობრივი წარმოების წილი, ხორბლის - დაახლოებით 20%. ორივე პროდუქცია არის დეფიციტური.

ფასებთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნების პოლიტიკასაც რომ გადავხედოთ, იქ ადგილობრივი წარმოება არის წახალისებული - დახლებზეც აქვს უპირატესობა და გადახდის ნაწილშიც სხვა მიდგომა აქვთ.

პირადად მე, მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას, თუ რა თქმა უნდა, ობიექტურად იქნება ეს ყველაფერი განხილული. პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ასოციაციები და მეწარმეები, რომ რეალურად დავინახოთ, ამა თუ იმ პროდუქციაზე რამდენია დამატებული. საჭიროა სიღრმისეული კვლევა - კომისია დაადგენს ამას, გამჭვირვალობას ყოველთვის მივესალმებით. თუ მწარმოებლებთან მიმართებაში იქნება კითხვა, რომ პირობითად მწარმოებლები ვიგებთ ძალიან დიდს, აქაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და აღმოჩნდება, რომ ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობს ადგილობრივი წარმოება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ნიკოლოზ ბენიაიძემ.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“