საქართველოში 2025 წლის იანვარში დარეგისტრირებულმა „საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაციამ“ სახელწოდება შეიცვალა და ამჟამად „საქართველოსა და რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატის“ სახელით არის რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ჰყავს, გამგეობის შემადგენლობა კი გაფართოვდა.
როგორ შეიქმნა ასოციაცია და რას აცხადებდნენ დამფუძნებლები
ასოციაციის შექმნის შესახებ ინფორმაცია 2025 წლის იანვარში გავრცელდა. მედიასთან საუბრისას ბიზნესმენმა ზაზა ნიშნიანიძემ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია უკვე შექმნილი იყო და მისი ხელმძღვანელობა თავად სთხოვეს.
ნიშნიანიძის განმარტებით, იდეა მეგობრებთან საუბრისას გაჩნდა, მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ქართულ პროდუქციას რუსეთში ყიდდნენ. მისი თქმით, პირველ შეხვედრას დაახლოებით 60 ორგანიზაცია ესწრებოდა, ძირითადად მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებიდან. ნიშნიანიძე აცხადებდა, რომ ასოციაციის მიზანი ამ ბიზნესებისთვის ინსტიტუციური მხარდაჭერის გაწევა და რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში დახმარება იყო.
2025 წლის თებერვალში ასოციაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გაჟღერდა, რომ ორგანიზაცია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობასა და ქართული და რუსული კომპანიებისთვის არსებული ბარიერების შემცირებაზე იმუშავებდა. მაშინ ითქვა, რომ ასოციაციაში სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე დაახლოებით 60 ქართული და რუსული კომპანია გაერთიანდებოდა.
ასოციაციის შექმნას დადებითად გამოეხმაურა მაშინდელი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც. მისი განცხადებით, ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია უფრო მარტივია.
რა შეიცვალა საჯარო რეესტრის ამონაწერში
2025 წლის 28 იანვრის ამონაწერით, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე იყო. გამგეობის წევრებად მითითებული იყვნენ ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე. ამონაწერში ხუთივე პირი საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქედ იყო მითითებული.
ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მარატ შაიდაევი იყო, რომელიც ასევე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, აღმასრულებელი დირექტორი კი - გიორგი მუსხელიშვილი.
2026 წლის 12 თებერვლის ამონაწერში უკვე ახალი სახელწოდება - „საქართველოსა და რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატა“ ფიქსირდება.
შეიცვალა გამგეობის შემადგენლობაც:
-
ირაკლი კოტეტიშვილი — გამგეობის თავმჯდომარე;
-
ლავრენტი ანჩაბაძე (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
-
ვახტანგ კარიჭაშვილი (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
-
ბადრი კაკაბაძე (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
-
დავით ხარაიძე (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
-
პეტრე ჩხეიძე — ახალი წევრი (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
-
ირაკლი ბოჭორიძე — ახალი წევრი;
-
ჯემალ ცივაძე — ახალი წევრი (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
-
ზაზა ნიშნიანიძე (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე);
-
ანა კალანდია — ახალი წევრი და გენერალური დირექტორი (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე).
ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც თავდაპირველად თავმჯდომარე იყო, ახალ ამონაწერში გამგეობის წევრად ფიქსირდება, თავმჯდომარე კი ირაკლი კოტეტიშვილი გახდა, გენერალური დირექტორის პოზიცია ანა კალანდიამ დაიკავა. მარატ შაიდაევი და გიორგი მუსხელიშვილი ახალ ამონაწერში ხელმძღვანელ პირებად აღარ არიან მითითებულნი.
რას საქმიანობენ პალატის წევრები
ზაზა ნიშნიანიძე
ასოციაციის თავდაპირველი თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე „მეიდან ჯგუფის“ დირექტორად და პარტნიორად ფიქსირდება. კომპანიის საქმიანობის სფერო უძრავი ქონების მართვა, კომერციული ფართების გაქირავება, ბიზნესცენტრებისა და დეველოპერული პროექტების მიმართულებებს მოიცავს. ნიშნიანიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს შორისაა ასევე „გასართობი ცენტრი მეიდანი“, ხოლო ბიზნესრეგისტრში ის ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის პარტნიორადაც არის მითითებული.
ვახტანგ კარიჭაშვილი
პალატის წევრი ვახტანგ კარიჭაშვილი „Bolero & Company“-ს უკავშირდება. ეს კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი ჯგუფის ნაწილია, რომელშიც შედიან „გრუზვინპრომი“, „კ და ქართული სპირტი“, „უნივერსალ სპირიტსი“ და GVMT Group. ჯგუფის საქმიანობა მოიცავს ყურძნის შესყიდვას, ღვინისა და საკონიაკე სპირტის წარმოებას, შენახვასა და რეალიზაციას. კომპანიის ინფორმაციით, ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს.
ბადრი კაკაბაძე
საქსტატის ბიზნესრეგისტრის ისტორიული მონაცემებით, ბადრი კაკაბაძე შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“ პარტნიორი იყო. კომპანიის საქმიანობა წყალტუბოში სანატორიუმისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება. ამასთან, კაკაბაძე წარსულში დაკავშირებული იყო „ახალციხის საკალმახე მეურნეობასა“ და შპს „ბ & ნ“-თანაც.
ირაკლი ბოჭორიძე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ბიზნესინტერესების ბაზის მიხედვით, ირაკლი ბოჭორიძე პარტნიორია შპს „აგროქიმ ჯორჯიასა“ და შპს „ქართულ მოსავალში“, ხოლო რამდენიმე სხვა კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებს.
„აგროქიმ ჯორჯიას“ საქმიანობა სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ქიმიკატების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების მიმართულებას უკავშირდება. „ქართული მოსავალი“ კი საქსტატის ბიზნესრეგისტრში შერეული სოფლის მეურნეობის საქმიანობის მქონე აქტიურ კომპანიად არის კლასიფიცირებული.
ბოჭორიძე ასევე დირექტორად ფიქსირდება „თბილისის თამბაქოში“ — საწარმოში, რომელიც 1998 წლიდან ფუნქციონირებს და თამბაქოს ნაწარმს აწარმოებს.
მის ბიზნესინტერესებშია ასევე „კატევე დეველოპმენტი“, რომლის საქმიანობის პროფილში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებებია მითითებული.
ირაკლი კოტეტიშვილი
პალატის თავმჯდომარე ირაკლი კოტეტიშვილი საქსტატის ბიზნესრეგისტრში დაკავშირებულია რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის „კიაზოს ღვინის ტრადიციებთან“, „ჯორჯ კიაზო ველთან“ და „კონდოლთან“. ამ კომპანიების სახელები და რეგისტრაციის მონაცემები ღვინის სფეროს უკავშირდება.
ანა კალანდია, პეტრე ჩხეიძე და ჯემალ ცივაძე
სამივე პირი პალატის ახალი წევრები არიან. ამ ეტაპზე მათთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.