რამდენიმე თვეში ბაზარზე "ქართული თემას" წარმოებული "შაპიტო" გამოჩნდება. ამის შესახებ სათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია “ქართული თემის“ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 300 000 აშშ დოლარია.

"ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი შპს "შაპიტოს", სასაქონლე ნიშანი "შაპიტო", რომელიც საბავშვო ყუთების სახით არის ბაზარზე წარმოდგენილი, შევიძინეთ და დაახლოებით, 4 თვეში "შაპიტოს" წარმოებას ჩვენ დავიწყებთ. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი როგორიც არის "ბუს კვერცხები", "ქექე", "კოშკი" და სხვა. ამჟამად რებრენდიგს ვუკეთებთ და შიგთავსიც, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ვთხოვეთ კომპანიას, რომ მანამ სანამ ჩვენ არ დავიწყებთ აღნიშნული პროდუქტის გამოშვებას, მათ არ შეაჩერონ "შაპიტოს" წარმოება", - აცხადებს მანუჩარ ლობჟანიძე.

გარდა ამისა, დაახლოებით 4-5 თვეში კომპანია კარამელი "ლავ ლავის" წარმოებას დიდ შეფუთვებში იწყებს.

"ჩვენი კარამელი კომპანიის ყველა პროდუქტში დევს, თუმცა მცირე შეფუთვით და ცალკე შეძენა შესაძლებელი არ არას. შესაბამისად, 4-5 თვეში ბაზარზე გამოჩნდება ჩვენი კარამელი "ლავ ლავ"-ი. აღნიშნული პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნის შედეგად მივიღეთ. მომხმარებლების მხრიდან ყუთებში არსებულმა "ლავ ლავმა" დიდი მოწონება დაიმსახურა", - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ამასთან, "ქართული თემა" პატარა ზომის "ბუს კვერცხებისა" და "ქექეს" წარმოებას იწყებს, რომელიც ბაზარზე, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გამოვა.

მოგეხსენებათ, რომ კომპანია ლილოში საწარმოს აშენებას გეგმავდა, თუმცა როგორც მანუჩარ ლობჟანიძე განმარტავს - ახალი პროექტების გამო, მშენებლობა 1 წლით გადაიდო, რადგან ეს დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

"ჩვენ მშენებლობის ნებართვა მივიღეთ, პროექტიც შედგენილია, თუმცა ახალი პროექტების განხორციელებას საკმაოდ დიდი ინვესტიცია დასჭირდა. სათამაშოები შევიძინეთ ჩინეთში. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი პროდუქტების დამატებაზე გაგვეკეთებინა. როგორც "შაპიტოს", ისე "ლავ ლავის" საწარმოებლად ვეძებთ ქარხანას. გვინდა, რომ ვიქირაოთ და ახალი დანადგარები შევიძინოთ. ჯამში აღნიშნული რა საინვესტიციო ღირებულების იქნება ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. თუ გაყიდვებმა კარგი მაჩვენებელი გვაჩვენა თავისთავად კომპანია დაიწყებს ახალი საწარმოს მშენებლობაზე ფიქრს", - აღნიშნა მანუჩარ ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, კომპანიისთვის 2024 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, რაზედაც დიდი გავლენა "ბუს კვერცხების" რეკორდული გაყიდვების მაჩვენებელმა მოახდინა.

რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს - "ქართული თემის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მზად არიან თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს გარკვეულ ფინანსურ რესურსზეა დამოკიდებული და კომპანია ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულების განვითარებისგან თავს იკავებს.

ცნობისთვის, „ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდანაა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მცირე ზომის სათამაშოების ნაკრებს საინტერესო შეფუთვით სთავაზობს. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“, “ბუს კვერცხებში“, ასევე "ქექეში" მომხმარებელს ხის სათამაშოების და ტკბილეულის აღმოჩენა შეუძლია. კომპანია სათამაშოების რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

bp.ge