ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ PayPal უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ფავორიტი და ციფრული გადახდების ბაზრის ლიდერი იყო. დღეს კი კომპანია სრულიად განსხვავებულ ვითარებაშია – მისი აქციების ღირებულება მკვეთრად შემცირდა, აშშ-ის ბაზარზე Apple Pay დომინანტურ პოზიციას იკავებს, ხოლო PayPal არასასურველი შესყიდვის შეთავაზების განხილვის პროცესშია.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კონკურენტმა Stripe-მა საინვესტიციო კომპანია Advent International-თან ერთად PayPal-ის სრულად შესაძენად 53 მილიარდი დოლარის შეთავაზება წარადგინა.

წყაროების ინფორმაციით, PayPal-ის დირექტორთა საბჭო წინადადებას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გავიგებთ.

ლიდერობიდან რთულ რეალობამდე

1998 წელს დაარსებული PayPal ელექტრონული კომერციისა და ონლაინგადახდების ერთ-ერთი პიონერია. კომპანია 2002 წელს eBay-მ შეიძინა, ხოლო 2015 წელს დამოუკიდებელ ბიზნესად გამოეყო.

წლების განმავლობაში სწრაფი ზრდის შედეგად, PayPal-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2021 წელს 360 მილიარდ დოლარს მიაღწია.

თუმცა ამის შემდეგ კომპანიის ზრდა შენელდა, კონკურენცია გაიზარდა და ბიზნესის გასაძლიერებლად განხორციელებულმა მცდელობებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ მოიტანა.

კომპანია აღიარებს, რომ კონკურენციას ჩამორჩა

2026 წლის თებერვალში PayPal-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა და ოფიციალურად აღიარა, რომ კომპანიას კონკურენტებთან შედარებით საკუთარი პოზიციების გაძლიერება სჭირდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინ როდესაც Apple, Google, Samsung, Stripe და სხვები მომხმარებლებს გადახდის ახალ მეთოდებს სთავაზობდნენ, PayPal შედარებით ნელა რეაგირებდა ბაზრის ცვლილებებზე.

კომპანიამ ვერ გამოიყენა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:

  • ციფრული ბანკინგი;
  • მობილური გადახდების განვითარება;
  • ელექტრონული კომერციის ახალი სერვისები.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ PayPal ბაზარზე iPhone-ის გამოჩენამდეც არსებობდა, 2025 წელს Apple Pay-ის წილი აშშ-ის ბაზარზე უკვე 10 პროცენტით აღემატებოდა PayPal-ის მაჩვენებელს.

ხელოვნური ინტელექტიც ჩამორჩენის მიზეზად სახელდება

PayPal კონკურენტებს არც ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით აჰყვა. კომპანია შედარებით გვიან ჩაერთო ე.წ. Agentic Commerce-ის განვითარებაში – მოდელში, სადაც AI-აგენტები მომხმარებლის სახელით არჩევენ, ათანხმებენ და ასრულებენ შესყიდვებს.

PayPal-ის მომხმარებელთა რაოდენობაც ფაქტობრივად აღარ იზრდება, რის გამოც კომპანიის მთავარი გამოწვევა არსებული მომხმარებლებისგან მეტი შემოსავლის მიღება გახდა.

წყაროების ინფორმაციით, PayPal-ის დირექტორთა საბჭო 53 მილიარდ დოლარიან შეთავაზებას საკმარისად არ მიიჩნევს და ჯერ არც იმაზეა შეთანხმებული, ღირს თუ არა მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Stripe-სა და Advent International-ს უფრო მაღალი შეთავაზების გაკეთების ფინანსური შესაძლებლობაც აქვთ.

www.marketer.ge