შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 2026 წლის რთველისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესაძენად 50 000 000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის განკარგულების საფუძველზე დაევალა 2026 წლის რთვლის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მოსავლის მართვის კომპანიამ“ კახეთის რეგიონში კერძო ღვინის კომპანიების მიერ შესყიდვების დასრულების შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძენი უნდა შეისყიდოს, უზრუნველყოს მისი გადამუშავება, დასაწყობება და შენახვა.

როგორც შესყიდვის დოკუმენტშია აღნიშნული, ღონისძიების მიზანი მევენახეთა მხარდაჭერა და ბაზარზე ყურძნის მოსავალი სრულად რეალიზებაა.

„მოსავლის მართვის კომპანიის“ განმარტებით, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა რაოდენობის ყურძენი დარჩება კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი, შესაბამისად, ვერ განისაზღვრება ვერც იმ საქონლისა და მომსახურების მოცულობა, რომელიც მისი მიღება-გადამუშავებისთვის გახდება საჭირო.

დოკუმენტის თანახმად, რთველისთვის განკუთვნილი ღონისძიება ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი უშუალოდ რთვლის პროცესია, რომელიც დაახლოებით თვე ნახევრიდან ორ თვემდე გრძელდება და მოიცავს ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას. მეორე ეტაპი კი მოიცავს ყურძნის გადამუშავებას, მიღებული სითხეების ტრანსპორტირებას, სპირტად გამოხდისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობასა და სხვა მომსახურებებს.

შესყიდვის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ძირითადი შესყიდვის ობიექტი ყურძენია, ხოლო მისი რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვადასხვა მომსახურების მოცულობა.

ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, კომპანია წელსაც სავარაუდოდ, 40-50 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას უზრუნველყოფს სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნის დაქირავებული საწარმოო სიმძლავრეების გამოყენებით.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ყურძნის გადამუშავების მომსახურება კახეთის რვა მუნიციპალიტეტში მდებარე 25-30 კერძო ღვინის ქარხანაში განხორციელდება, რომელთა ალტერნატიული საწარმოო სიმძლავრეები პრაქტიკულად არ არსებობს.

გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, „მოსავლის მართვის კომპანიას“ შესაძლებლობა ექნება მიმწოდებლებთან ხელშეკრულებები გააფორმოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორება განახორციელოს საბანკო ან სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშეც.