მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა აქტიური სეზონია და ბევრი ახალი შესაძლებლობა სწორედ ამ დროს ჩნდება ხოლმე, წარმატებულ ილუსტრატორებსაც კი უჭირთ სამსახურის შოვნა. არა მარტო დამწყები, არამედ პროფესიონალი ილუსტრატორებიც კი, მსოფლიო მასშტაბით, შემცირებულ პროექტებზე წუწუნებენ. 

ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Creative Boom-იც წერს და მაგალითად მოჰყავს ცნობილი დიზაინერები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ წარმატებული ფრილანსერობის შემდეგ ისევ მაღალანაზღაურებად სამსახურს ეძებენ სრულ განაკვეთზე. შეიცვალა მიდგომაც – თუკი დამკვეთს ადრე ორი კვირის შემდეგ უნდოდა დიზაინის მიღება, ახლა ორ დღეში სჭირდება.

ქვემოთ ვეცდებით, მიმოვიხილოთ, რამ გამოიწვია მსგავსი ტენდენცია

ფენომენი, სახელად, „გოსთინგი” (Ghosting)

„გოსთინგი” – ეს არის სლენგი, რომელსაც თანამედროვე თაობა ხშირად იყენებს ისეთი ვიღაცის მისამართით, ვინც მოულოდნელად ქრება ან ნახულობს შეტყობინებებს და არ პასუხობს.

საქმიან ურთიერთობაშიც დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს. გოსთინგს დიზაინერები იმ მდგომარეობას უწოდებენ, როცა პოტენციური დამკვეთები მათ ნამუშევრებს აქებენ, დადებითად აფასებენ, მაგრამ ამის შემდეგ დუმილია და არ ხდებიან რეალური კლიენტები. 

ამის მიზეზად ყველა თავის ვარაუდს გამოთქვამს და რომელია სწორი, ამაზე, ცხადია, შეიძლება დავა. ყველაზე გავრცელებული აზრი მაინც ისაა, რომ ბაზარი საკმაოდ დიდი და ჭრელია, რაც იმ კანდიდატისკენ ხრის დამკვეთს, რომელიც ნაკლებ დროსა და ბიუჯეტს შესთავაზებს. როგორც დიზაინერები ამბობენ, ზოგჯერ დამკვეთი თავს არიდებს ძალიან მოთხოვნად, დაკავებულ ფრილანსერს, რადგან მას შეიძლება სათანადო დრო არ ჰქონდეს, ან მისი ბიუჯეტი თავად დამკვეთისათვის არ იყოს მისაღები.

ხელოვნური ინტელექტი

გვინდა, არ გვინდა, მაინც უნდა ვახსენოთ. ბევრი ილუსტრატორი თვლის, რომ AI-მ ძალიან იმოქმედა და შეასუსტა დიზაინერების გავლენა დამკვეთების თვალში. თუ დიზაინერი ძალიან განსხვავებული არ არის სხვებისგან და ინდივიდუალური ხელწერა არ გააჩნია, ის უკვე თითქმის უშანსოა, რადგან სტანდარტული და შაბლონური ნამუშევრების შექმნა უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც თავისუფლად შეუძლია. მით უმეტეს, თუ დამკვეთი ისეთია, რომ წვრილმანებს არ აქცევს ყურადღებას და მისთვის უფასო და ძალიან სწრაფი შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. 

გადარჩენის სტრატეგიები

ამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე მყოფი ილუსტრატორები ტაქტიკას ცვლიან. ზოგიერთი ფრილანსერი სრულ განაკვეთზე სამუშაოდ გადავიდა, ზოგმა დამატებითი წყაროების მოძიება გადაწყვიტა, როგორიცაა, მაგალითად, ონლაინკურსების გახსნა და დიზაინის სწავლება ან რომელიმე სასწავლო ცენტრისთვის საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება. ზოგიერთები კიდევ დამატებითი უნარების შეძენით დაინტერესდნენ, როგორიცაა დიზაინის სხვა მიმართულებები, ზოგმა კი თავად ხელოვნურ ინტელექტთან დამეგობრება და ყველა შესაძლო ხელსაწყოს გამოყენება დაიწყო, რათა დამკვეთს ურჩიოს, რომელი მათგანი გამოიყენოს, რომელი უფრო ხარისხიან ილუსტრაციას გააკეთებს, რომელი არ ჰგავს სხვას და ა.შ.

დროებითი ჩავარდნა თუ მუდმივი ცვლილება

შემოქმედებით ინდუსტრიაში ყოველთვის იყო ჩავარდნის ეპიზოდები, ამიტომ დიზაინერები ამ ვითარებასაც, მაინც ოპტიმისტურად შეჰყურებენ. როგორც სხვა დროს იყო აუცილებელი, გარკვეული ცვლილებების ათვისება და შეგუება, თუნდაც, რაღაც დოზით, ფუნჯის ციფრული მოწყობილობით შეცვლა, ისევე იქნება მომავალშიც. ზოგიერთი ილუსტრატორი იმასაც კი დასძენს, რომ ეს მეტი მოტივაცია აქვს, აჯობოს ხელოვნურ ინტელექტს, რაც განსხვავებულად ფიქრსა და ნამუშევრების შექმნაში ეხმარება. 

საბოლოო ჯამში, ჯერ კიდევ გასარკვევია, რა იქნება მომავალში. ღიად იმის მტკიცება, ვინ ჩანაცვლდება, ვინ არა, ვისი პროფესია გადარჩება და ვისი არა. ფაქტი ერთია, რომ დიზაინერები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან და ვინც მოიფიქრებს აქედან თავის დაღწევის გზას, ის ნამდვილად წინ იქნება მათთან შედარებით, ვინც ერთ ადგილას გაიყინება და მხოლოდ დინებას მიჰყვება.

marketer.ge