მესტიაში მოქმედი სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი და მმართველი ეკატერინე გველესიანი აცხადებს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია არ არის. „სამწუხაროდ, არსაიდან არანაირი ხმა არ ისმის. უკვე ვისწავლეთ, რომ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ეკატერინე გველესიანმა ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორთან კომუნიკაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ზამთრის სეზონისთვის ვემზადებით, უკვე წინასწარ ვიცით, რომ ისევ იგივე პრობლემები შეგვექმნება, რომლებიც წინა წლებში გვქონდა, იქნება ეს ელექტროენერგიის, გზის პრობლემები თუ სხვა. ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ადრე დაპირებები მაინც იყო ხოლმე, რომ ამ ზამთარს ასე აღარ იქნება, დღეს დაპირებებიც აღარ ისმის. ზამთრის მოლოდინში ძალიან პესიმისტურად ვართ განწყობილნი“, - აღნიშნა სასტუმროს მფლობელმა და დასძინა, რომ სვანეთს სხვა კურორტების მსგავსად უთოვლობის პრობლემა სეზონზე არ აქვს.
„ჩვენი მოლოდინით, არსებული გამოწვევები გამოწვევებად დარჩება. ჩვენი ძალებით, მაქსიმალურად ვცდილობთ სეზონისთვის მოვემზადოთ, იქნება ეს რაღაც გენერატორები თუ დიზელის მომარაგება და ასე შემდეგ, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ზამთარში მაინინგის გამო შექმნილი ელექტროენერგიის პრობლემების დაწყებისთანავე ჯგუფური ჯავშნები გვიუქმდება ხოლმე“, - განმარტავს ეკატერინე გველესიანი.
მისივე ინფორმაციით, ზამთრის ტურისტულ სეზონზე ჯავშნები უკვე კეთდება, თუმცა მცირე რაოდენობით, ძირითადად, ისრაელიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან.
#რედაქტ2-ის კითხვაზე - რა დატვირთვით მუშაობს ამ დროისთვის სასტუმრო „ფალიანი“, სასტუმროს მმართველი აცხადებს, რომ შემოდგომის სეზონისთვის დატვირთულობა დაბალია.
„ამ სეზონზე დატვირთულობა დაახლოებით 10%-მდე გვაქვს. ესეც გამოწვევაა.
სხვათა შორის, დღეს საქართველოში ტურიზმის გაზრდილი მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებს რომ შევადაროთ, სადაც წლიდან წლამდე ტურისტების რაოდენობა ასევე იზრდება, მატება ნაკლებად დატვირთულ სეზონების ხარჯზე იზრდება. ანუ, ეს ქვეყნები ისეთ სტრატეგიას ახორციელებენ, რომ ვიზიტორებს ნაკლებად დატვირთულ სეზონზეც იზიდავენ და ნაკადები წლის განმავლობაში დაბალანსებულია. ჩვენთან მაღალ ტურისტულ სეზონზე მასობრივი ტურიზმის ნიშნები გვაქვს და ჭარბი ტურიზმის ვითარება იკვეთება ხოლმე, ხოლო დაბალ სეზონზე, ნუ, პრაქტიკულად არანაირი დატვირთულობა არ გვაქვს, რაც ძალიან ნეგატიურია. შესაბამისად, სტუმრები შემოდგომაზე პრაქტიკულად არ გვყავს. არა და ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან სვანეთი შემოდგომაზე ულამაზესია. ასეთი ფერები არსად არ არის. სამწუხაროა, რომ თუნდაც ამ კუთხით ჩვენს ბაზრებზე მარკეტინგი არ ხორციელდება“, - განმარტა ეკატერინე გველესიანმა.
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                