მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება როგორც ავიარეისების, ისე მგზავრთნაკადის მონაცემებში.
„2025 წელი ჩვენთვის რეკორდულია - საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მოემსახურა 6,5 მლნ მგზავრს, რაც წინა წელთან შედარებით 14% - იანი ზრდაა. რაც შეეხება ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებს, ზრდამ, შესაბამისად, 10% და 32% შეადგინა“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556. ჯამურად, წელს პირველ 9 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.
რაც შეეხება მგზავრთნაკადის მონაცემებს, იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით აღემატება. ცალკეულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 067 202 მგზავრს მოემსახურა - ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა წელს 1 407 814 მგზავრი მიიღო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა, კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი 995 099 მგზავრს მოემსახურა, რაც შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 32%-ით მეტია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა გრძელდება - რათა საქართველო საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბდეს.
“ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს როგორც ავიაკომპანიებთან, ისე აეროპორტებთან, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ დარგში არსებული მზარდი ტენდენციები, რათა მოვემსახუროთ უფრო მეტ მგზავრს და მეტ რეისს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით კი პირველ სამეულში შემდეგი კომპანიებია: Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი); Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი); Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);
მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება სატვირთო გადაზიდვების მხრივაც, როგორც მესამე კვარტლის, ისე 9 თვის პერიოდში. ჯამურად, განვლილ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905.200 ტონა შეადგინა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს