თბილისის მერი დედაქალაქის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა,  სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.

კახა კალაძემ თბილისის ახლადმოწვეული საკრებულოს თითოეულ წევრს და მის თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა, ამომრჩეველს კი მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„უკვე მესამედ მაქვს პატივი, ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია ვახორციელებთ, არის სწორი და უალტერნატივო. გამარჯვება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ,  მხოლოდ ჩვენი გუნდის არ არის — ეს არის თქვენი გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება, ადამიანების, რომელთაც გჯერათ  თბილისის შესაძლებლობების და მისი მომავლის.

არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით ვიყო თქვენ სამსახურში, რათა ყველა დაპირება, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, ვაქციოთ რეალობად და წინგადადგმულ ნაბიჯად ჩვენი დედაქალაქისთვის. შესაბამისად, დღეს თქვენს წინაშე მხოლოდ ერთი დაპირებით წარვდგები- გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომავლო პროექტზე, რაც დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობას ეხება და აღნიშნა, რომ გამარჯვებული კომპანია სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს გამოვლინდება.

„რაც შეეხება საქმეს, არჩევნებიდან მეორე დღესვე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ყველა მიმართულებით და უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. როგორც იცით, გამოცხადებულია ტენდერი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. იმედი მაქვს, დეკემბრის ბოლოს  გვეყოლება გამარჯვებული კომპანია.

ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად,  დაწყებულია მუშაობა ბეთანიის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე. თბილისთან ახლოს მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი დედაქალაქისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს