აფლატოქსინის გამო, წელს ჩვენ საკმაოდ ბევრი მობრუნებები გვაქვს, რაც სამწუხარო ფაქტია ქართული თხილის იმიჯისთვის და ჯამში, ქართული თხილის სახელს აფუჭებს - ამის შესახებ BMG-სთან "აგრითრეიდისა" და "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის" დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე საუბრობს.

როგორც ის განმარტავს, ტვირთები ძირითადად, ევროკავშირის საზღვრიდან ბრუნდება, სადაც საზღვარზე მკაცრი კონტროლია.

„მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის რიცხვი გავზარდეთ, უკან მობრუნებული მანქანების რიცხვიც გაგვეზარდა წელს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ლოტები ვერ აკმაყოფილებდა ან მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს, ან ქიმიურ მაჩვენებლებს, როგორიც არის აფლატოქსინი. ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქართული თხილის პოპულარიზაციაზე, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, და ყოველი ასეთი მობრუნება ქართული თხილის იმიჯს უფრო დაბლა სწევს. წინა წლებთან შედარებით მობრუნებული მანქანების რიცხვი ნამდვილად გაზრდილია“ - ამბობს ბაია სალუქვაძე BMG-სთან.

მისი თქმით, გამოსავალი მხოლოდ ხარისხის კონტროლის გამკაცრებაშია, როგორც უშუალოდ ფერმერების, ისე გადამმუშავებელი ქარხნების მხრიდან.

„ამ შემთხვევაში მწარმოებლების მხრიდან და აგრეთვე, გადამმუშავებელი ქარხნების მხრიდან საჭიროა, მეტი ყურადღება მიექცეს თხილის ხარისხს და მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის ექსპორტირება მოვახდინოთ“ - ამბობს ბაია სალუქვაძე.

გამოწვევად რჩება აზიური ფაროსანას საკითხიც, რომელიც ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიცაა გავრცელებული და კახურ თხილსაც აზიანებს, ეს კი, ქართული თხილის ხარისხობრივ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აუარესებს.

„ყველაზე დიდ გამოწვევად ისევ ფაროსანა რჩება და წელს ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დაბინძურებული თხილი ფაროსანასგან. ეს ალბათ გამოწვეული იყო იქიდან, რომ გეგმურად, სამწუხაროდ, არ ხდებოდა ბაღების წამლობები. ჩვენ ვხედავთ ფაროსანას არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ უკვე აქტიურად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, კახურ თხილშიც, რაც საკმაოდ საგანგაშოა. შესაბამისად, ისევ გვჭირდება მეტი დაკვირვება, მეტი ჩართულობა და ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ" - ამბობს ბაია სალუქვაძე.

მისივე ცნობით, აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ქართული თხილის ექსპორტი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. ეს ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარებით, კერძოდ, ლიდერ მწარმოებელ ქვეყანაში - თურქეთში არსებული მაღალი ფასებით. ამასთან, წელს ქართული თხილით არაერთი მანამდე „პასიური“ ქვეყანა დაინტერესდა, მათ შორის შუა აღმოსავლეთის რეგიონში.


bm.ge