გალტ & თაგარტის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 8.3%-იან ზრდას ასახავს.

ზრდის ძირითადი წყარო ტურისტები იყვნენ, რომელთა რაოდენობა 10.5%-ით გაიზარდა და 1.2 მლნ-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა უმნიშვნელოდ, 0.5%-ით გაიზარდა 0.3 მლნ-მდე.

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ნაკადების მკვეთრი ზრდით ისრაელიდან, რუსეთიდან, ევროკავშირიდან და ჩინეთიდან.

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასული წლის მეოთხე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-იანი ზრდაა. ზრდის მთავარი წყარო ისრაელი იყო (+37% წ/წ), შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები (+26.6% წ/წ), მეზობელი ქვეყნები გარდა რუსეთისა (+17.8% წ/წ) და აზიური ბაზრები.

საინვესტიციო კომპანიის კვლევის თანახმად, აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ვიზიტორთა ზრდის მიუხედავად, შემოსავლები წლიურად 23.7%-ით შემცირდა, ხოლო ირანიდან ვიზიტორთა კლების მიუხედავად, შემოსავლები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (-1.2% წ/წ).

საერთო ჯამში, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.