„Colliers Georgia“-ს კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა. ამ პერიოდში გაყიდული ბინების რაოდენობამ 7 838 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.4%-იანი ზრდაა. ამასთან, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 29%-ით გაიზარდა და 507 მილიონ დოლარს მიაღწია.

კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით მოიმატა, მაშინ როცა ძველი ბინების გაყიდვები 26.4%-ით შემცირდა.

ივნისში პირველადი ბაზრის მიმართულებით ტრანზაქციების რაოდენობა 0.8%-ით შემცირდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 24.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ფასების მხრივ, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ღირებულება 2026 წლის ივნისში წლიურად 22.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 455 დოლარი შეადგინა.

„Colliers Georgia“-ს შეფასებით, ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი პირველადი ბაზარი გახდა, სადაც მაჩვენებელი 30.4%-ით გაიზარდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ პირველადი ბაზრის გარკვეული ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების დინამიკა შესაძლოა სრულად არ ასახავდეს მიმდინარე რეალურ სურათს. ამასთან, გავლენა იქონია რამდენიმე მაღალი ღირებულების პროექტის გაყიდვებმაც.

რაც შეეხება მეორეულ ბაზარს, აქ ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 13.7%-ით გაიზარდა.