საქართველოს სააფთიაქო სექტორის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ „ავერსი ფარმამ“ 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, „ავერსი ფარმამ“ 2025 წელი შემოსავლისა და მოგების ზრდით დასრულდა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ამონაგები წლიურად 18.5%-ით გაიზარდა და 930.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 74.4 მლნ ლარს მიაღწია. მაშინ როდესაც, 2024 წელს „ავერსი ფარმას“ ამონაგები 784.7 მლნ ლარი, წმინდა მოგება კი 37.9 მლნ ლარი იყო. ამასთან, 2025 წელს კომპანიის საოპერაციო მოგება 38.5 მლნ ლარიდან 79.5 მლნ ლარამდე გაიზარდა.
მმართველობის ანგარიშის თანახმად, ფინანსური შედეგების გაუმჯობესება ძირითადად ამონაგების ზრდამ და პროდუქციის რეალიზაციის მარჟის გაუმჯობესებამ განაპირობა. 2025 წელს მარაგების ხარჯის შეფარდება ამონაგებთან 76.9%-დან 73.3%-მდე შემცირდა. ამასთან, კომპანიის მომგებიანობაზე დადებითად იმოქმედა საინვესტიციო ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა 10.7 მლნ ლარის მოგებამ.
2025 წელს „ავერსი ფარმას“ შემოსავლის უდიდესი ნაწილი პროდუქციის საცალო რეალიზაციაზე მოდიოდა. ამ მიმართულებით კომპანიამ 776.4 მლნ ლარის ამონაგები მიიღო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 638.1 მლნ ლარი იყო. საბითუმო რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 144.9 მლნ ლარი შეადგინა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 139.4 მლნ ლარი იყო.
კომპანიის შემოსავლების მიხედვით, 636.6 მლნ ლარი თვითდაფინანსებული მომხმარებლებისგან მიღებულ შემოსავალზე მოდიოდა, 89.5 მლნ ლარი — საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე, ხოლო 27.1 მლნ ლარი — კერძო სადაზღვევო კომპანიებზე.
2025 წლის ბოლოს „ავერსი ფარმას“ აქტივები 673.6 მლნ ლარს შეადგენდა, წინა წლის ბოლოს არსებული 552.7 მლნ ლარის ნაცვლად. ამავე პერიოდში პერსონალის ხარჯები 91.4 მლნ ლარიდან 114.3 მლნ ლარამდე გაიზარდა.
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პაატა კურტანიძეა.