შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე მეწარმეებს სახელმწიფო მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებს - რა პრობლემები აქვთ კომპანიებს?

access_time2017-09-07 12:00:00

„შეღავათიანი აგროკრედიტების“ ფარგლებში  დაფინანსებული კომპანიების ნაწილს სახელმწიფოს დახმარების გარეშე ფუნქციონირება უჭირს. ბიზნესსუბიექტების ნაწილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშეღავათო პერიოდი ბიზნესისთვის დიდი ბიძგია. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ბანკების პროცენტებიც მაღალია, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეფრინველეობის კომპანია „პასტერს“ განვითარება უჭირს. როგორც ცნობილია, კომპანიის მიმართულება სატაბაკე წიწილების წარმოება და მათი რესტორნებში რეალიზაციაა. კომპანიის დამფუძნებელი მირიან ჭიტაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიამ წარმოება მცირე მასშტაბით, გასული წლის ბოლოს დაიწყო და პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მისი თქმით, კომპანია „პასტერის“ წიწილა დასაკლავ მდგომარეობას 3 თვეში აღწევს. სხვა მეფრინველეობის ფაბრიკებში კი ისეთი ჯიშის ქათამს აწარმოებენ, რომლებიც 1.5 თვეში დასაკლავია. მირჩევნია 3 თვე დაველოდო და მაღალი ხარისხის ქათამი მივიღო, ვიდრე უხარისხო“, - აცხადებს ჭიტაძე.

 

მისი განცხადებით, კომპანიის სურვილია გაფართოვდეს და წარმადობა გაზარდოს, თუმცა ამას მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ვერ აკეთებს. პრობლემას უქმნის კომერციულ ბანკებში სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებიც. „არ არის მხარდაჭერა არც მთავრობის და არც ბანკების მხრიდან. თავიდან იყო მთავრობის მხრიდან დახმარება, თუმცა, ახლა შემცირდა. ვნახოთ მომავალში რა იქნება. ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ და წარმოებას ვაგრძელებთ“ - აცხადებს ჭიტაძე.

 

როგორც „პასტერის“ დამფუძნებელი აცხადებს, წარმადობის გასაზრდელად კომპანიას დამატებით ახალი შენობა-ნაგებობების აშენება სჭირდება, ეს კი საკმაოდ დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. 

 

„შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამით დაფინანსება 2015 წლის მაისში მივიღეთ. მეორედ პროგრამაში მონაწილეობის დროს კი სესხზე უარი გვითხრეს, მიზეზი არ ვიცით. თავიდან წარმოება 100 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე განთავსებული მცირე საწარმოთი დავიწყეთ და დაგვაფინანსეს. ახლა 1200 კვადრატზე აშენებულზე და აწყობილი წარმოების დაფინანსებაზე უარი მივიღეთ. რაღაც არალოგიკურია. ბანკებს კი ისეთი მაღალი პროცენტები აქვთ, რომ ჯობს ხელი არ მოკიდო, თავიდანვე გაკოტრებას ნიშნავს“, - აცხადებს ჭიტაძე.

 

„პასტერის“ საწარმო იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში მდებარეობს. კომპანიამ 2015 წლის მაისში აგროკრედიტების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და 66 000 დოლარით დაფინანსდა. ამ ეტაპზე კომპანია ისეთ დიდ რესტორნების ქსელებს ამარაგებს, როგორიცაა „თაღლაურა“, „წისქვილი“ და სხვა. კომპანია კვერცხის და წიწილების რეალიზაციას საჩხერეში და ჭიათურაშიც ახდენს.

 

პრობლემები აქვს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კალმახის მწარმოებელ კომპანია „ალგოთსაც“. ამის გამო კომპანიის მენეჯმენტი წილს ასხვისებს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ფინანსური რესურსების სიმცირის გამო მიიღო. მისი თქმით, კომპანიაში განხორციელებული ინვესტიცია წარმოების გაფართოებას მოხმარდება.

 

კითხვაზე, რა ოდენობის წილს ყიდის კომპანია „ალგოთი“ და ვინ იქნება ინვესტორი, ღარიბაშვილი ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, რადგან აცხადებს, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ინვესტორის ვინაობას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომპანიაში წილით ქართველი ბიზნესმენი შევა.

 

„კომპანიაში ინვესტორის შესვლა იმანაც განაპირობა, რომ „ალგოთმა“ შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში 2013-2014 წლებში შეღავათიანი სესხი მიიღო, წარმოება დაიწყო, თუმცა, 2015 წელს თეთრწყაროში სტიქიამ (ძლიერი წვიმა) თევზი სრულად გამინადგურა. მას შემდეგ არც ბანკებმა მომცეს სესხი და გაჩერებულები ვართ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

მისი ინფორმაციით, ახალი მეწილე კომპანიაში სავარაუდოდ, სექტემბრიდან შევა, წლის ბოლოდან კი წარმოება მცირე მასშტაბით აღდგება. მომდევნო წლის გაზაფხულიდან კი კომპანია წლიური წარმადობის გაზრდას გეგმავს. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიას წელიწადში 80-100 ტონის წარმოება შეუძლია, გადაიარაღების შემდეგ კი მოცულობა 300 ტონამდე გაიზრდება.


 

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს,  შპს „ალგოთი“ ქართული წარმოების კალმახს მომავალი წლიდან ექსპორტზეც გაიტანს. ქართული კალმახის რეალიზაციას კომპანია წინა წლებში ადგილობრივ ბაზარზე ახდენდა. როგორც შპს „ალგოთის“ ხელმძღვანელი განმარტავს, კომპანიამ ოპერირება 2 წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე მხოლოდ ინკუბატორი ჰქონდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში 136 500 აშშ დოლარით დაფინანსდა, გაკეთდა რამდენიმე რკინა-ბეტონის აუზი, სადაც ხდება თევზის მოშენება.

 

„ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ვაწარმოებ იმდენს, რამდენიც დაგეგმილი მქონდა. სესხი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო საკმარისი. პატარა წარმოება მოგებას ვერ მოიტანს, რადგან სესხის პროცენტიც გადასახდელია და მოგება იმდენი არ რჩება, რომ რეინვესტირებაში იყოს საკმარისი. შედეგად, თუ ინვესტორი შემოვიდა, წარმოებაც გაფართოვდება, ექსპორტზე გავალთ და მდგომარეობა ბევრად უკეთესობისკენ შეიცვლება“ - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აპირებენ ბაზარზე საქმიანობის გაგრძელებას ის კომპანიები, რომლებიც „შეღავათიანი აგროკრედიტების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ, შექმნეს თუ არა კონკურენტული პროდუქტი და აქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ ოპერირება სახელმწიფოს დახმარების გარეშე გააგრძელონ?

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მენეჯერი ლევან დოლიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს შექმნას ისეთი ინსტრუმენტები, რაც ბიზნესს განვითარებაში შეუწყობს ხელს. მისი თქმით, აგრომიმართულებით ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, შეღავათიანი აგროკრედიტია, რომელიც კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

 

მისი განცხადებით, ბიზნესის დაწყება-გაფართობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იაფი რესურსების მოზიდვაზე, არამედ ბიზნესის მართვაზე და მენეჯმენტზე, რაშიც სახელმწიფო მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ბიზნესის მართვა დამოკიდებულია მენეჯმენტის პროფესიონალიზმზე, ბაზრის კვლევებზე და სწორ გათვლებზე. შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი რომ არ იყოს, ვისაც ბიზნესის დაწყება-განვითარება უნდა ბანკში არსებული ფინანსური სახსრების მოზიდვა, ყოველგვარი შეღავათების გარეშე  მოუწევდა. ჩვენ ამ ტვირთს ვუმსუბუქებთ და ხშირ შემთხვევაში, ბენეფიციარებს უპროცენტო კრედიტიც გამოსდით“, - აცხადებს დოლიძე.

 

მისი შეფასებით, პროექტში მონაწილეობა და ბენეფიციარის დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას კომერციული ბანკი იღებს. თუმცა,საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დაფინანსებაც ზღვრულია და ბიზნესის შესაძებლობებზე, ბრუნვაზე, გაყიდვაზე და უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.

 

როგორც დოლიძე აცხადებს, ის რომ ბიზნესი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ ვითარდება, შესაძლოა კერძო სექტორში მენეჯმენტის ბრალიც იყოს. „თუ კონკრეტულ კომპანიას სესხი მეორედ არ მისცეს, შესაძლოა ის გათვლები და შემოსავლები ვერ მიიღო, რასაც მოელოდა. შეიძლება დამატებითი სესხი მოითხოვა, რაც გადახდის შესაძლებლობებს სცდებოდა. ამის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს. ჩვენ ამ გადაწყვტილებაში ვერ ვერევით“, - აცხადებს დოლიძე.

 

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ მენეჯერის მტკიცებით, პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მასში 17 000 ბენეფიციარია ჩართული. დოლიძის ინფორმაციით, აქედან დიდი ნაწილი წარმატებული ბიზნესია.

 

„რაღაც ბიზნესები დაიხურება, რაღაც განვითარდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ბიზნესის მართვა ურთულესი პროცესია. ასევე ურთულესია ბიზნესის დაგეგმვა და  დაწყება. ზოგს რომ ჰგონია - გახსნის საწარმოს და იოლია, ასე არ არის. ამას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება“, - აცხადებს დოლიძე.

 

შეგახსენებთ, პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

 

პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

 

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.

 

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის, შეღავათიანი აგროლიზინგი და ა.შ.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები