ეკონომიკური სარგებლის მოტივით პარლამენტმა საგადასახადო კოდექსი დაჩქარებულად შეცვალა და ოფშორულ კომპანიებს შეღავათები დაუწესდა.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ქვეყანაში „შავი ფული” რომ არ მოხვდეს, ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოვალეობაა, რადგან მისი ძირითადი ფუნქცია უკანონო შემოსავლების აღმოჩენა და მათი ლეგალიზაციის პრევენციაა.

„ქართული ოცნების” წარმომადგენელი და კანონპროექტის ავტორი ამბობს, რომ “პრობლემას ვერ ხედავს“ პროცესის გამჭვირვალობაში, თუმცა ზუსტად არ იცის ამ პროცესის იურიდიული მხარე.

“არ ვიცი, იურიდიულად როგორ არის გასაჯაროების საკითხი და ვერ გეტყვით, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ და ისედაც გაირკვევა ყველაფერი. იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, მათი გასაჯაროება შეიძლება თუ არა“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ფინანსთა უწყების განცხადებით კი გადასახადის გადამხდელის კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

“საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს კანონის დარღვევას”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროში.

ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge