აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, სატელეფონო საუბარი კარგად წარიმართა.

„ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. მას, ისევე, როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის დამყარება. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომს, მაგრამ ძირითადად, ვისაუბრეთ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია პარასკევს მიუნხენში, სადაც დელეგაციას უხელმძღვანელებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შედეგები პოზიტიური იქნება. დროა, შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც გამოიწვია მასობრივი და სრულიად არასაჭირო მსხვერპლი და ნგრევა. ღმერთმა დალოცოს რუსი და უკრაინელი ხალხი“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპთან სატელეფონო საუბარზე წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ზელენსკის თქმით,

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ლიდერებმა განიხილეს ახალი დოკუმენტის მომზადება უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რესურსების პარტნიორობის შესახებ.

მათ ასევე ისაუბრეს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და განიხილეს მზადყოფნა, ერთად იმუშაონ გუნდურ დონეზე.

„ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალები გამიზიარა. არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და მყარი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით, გავაკეთოთ ეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ შემდგომ კონტაქტს და დავგეგმავთ მომავალ შეხვედრებს. “, – წერს ზელენსკი X-ზე.

მანამდე, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. უკრაინის საკითხთან ერთად, ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტის, დოლარისა და სხვა საკითხები.

1tv.ge