ყაზახეთის ვიცე-პრემიერის სერიკ ჟუმანგარინის განცხადებით, რუსეთი ყაზახეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ჟურნალისტების კითხვაზე, ეშინია თუ არა ყაზახეთის ხელისუფლებას რაიმე ინციდენტის, რომელიც დაკავშირებულია ყაზახეთსა და რუსეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მომავალ ფორუმთან და პუტინის ასტანაში ჩასვლასთან, მან უპასუხა, რომ ეს ეკონომიკური ფორუმია და სხვა ქვეყნებს პოლიტიკური შეშფოთების მიზეზი არ აქვთ.
„აქ რა პოლიტიკა შეიძლება იყოს? აქ არის წმინდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რასაც ჩვენ განვიხილავთ. მოვლენ ექსპერტები, რეგიონის ლიდერები, მოეწერება რეგიონთაშორის შეთანხმებებს ხელი, პირველ რიგში სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. მჯერა, რომ ეს ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ჟუმანგარინმა.
მისი თქმით, ყაზახეთს რუსეთთან პირველ რიგში ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 27 მლრდ ტენგეა ($579 960 000).
ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი პუტინში ხედავს „სახელმწიფოს ლიდერს, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს“.
პუტინი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 9 ნოემბერს ეწვევა. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ და განიხილავენ ყაზახეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალურ საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ ყაზახეთსა და რუსეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის მუშაობაში.