მთავრობამ 157 ენერგოკომპანიას პირობით აპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება.

აღნიშნული საკითხი რადიო „კომერსანტის“ ეთერში  საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის იურისტმა ლევან კოკაიამ შეაფასა, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ ყველა პროექტი ამჯერად მაინც განხორციელდება.

„დიდი სტიმული და დიდი მოტივაციაა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც შეიძლება, რაღაც ფინანსური გასაჭირი ჰქონდათ, ახლა კი აქვს მოლოდინი, რომ კრედიტს მიიღებს ან ინვესტორს მოძებნის. დიდი სტიმული და მოტივაციაა მათთვისაც, ვისაც პრობლემები მენეჯმენტში არსებული ქაოსის გამო შეექმნათ. ასეთი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ვიმედოვნოთ და ვისურვოთ, რომ ყველა პროექტი განხორციელდება, თუმცა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს 1560 მეგავატი დადგმული სიმძლავრე ბოლომდე გადარჩება. ვგულისხმობ იმას, რომ კი, ნაპატიებია, მაგრამ არ არსებობს და ვერც იარსებებს ის მოლოდინი, რომ ყველა ეს პროექტი ბოლომდე, წარმატებით შეიყვანს ექსპლუატაციაში თავის დაწყებულ საქმეს. რა თქმა უნდა, დიდ წარმატებას ვუსურვებ ყველას და ვისურვებდი, ყველა შევიდეს ექსპლუატაციაში, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ყველამ შეძლოს ამის გაკეთება“, - აცხადებს ლევან კოკაია.

მისივე თქმით, იყვნენ კომპანიები, რომლებმაც თავშივე აღარ მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს პატიების განცხადებით და დანებდნენ, რაც მართებული გადაწყვეტილება იყო, რადგან როგორც კოკაია აღნიშნავს, ჯობია კიდეც, თავშივე დანებდე, თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა შეგიძლია.

საინტერესო ის არის, ვიკვლიოთ, ამ გაპრობლემებული პროექტებიდან რეალურად რა იყო პრობლემის მიზეზი. მაგალითად, იყო ისეთი პროექტები და კომპანიები, რომელთა გაპრობლემების ძირითადი მიზეზი გახლდათ ფინანსური სახსრების მიმართ არც თუ მეგობრული დამოკიდებულება, ანუ არ იყო წვდომა ნაღდ ფულზე - ვიღაც ელოდებოდა საბანკო კრედიტის ხაზის დამტკიცებას მსოფლიო ბანკიდან, ქართული კომერციული ბანკიდან. იყო ისეთი პროექტებიც, რომელთაც ფულის პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ არ ჰქონდათ ცოდნა, კომპეტენცია, მენეჯმენტში იყო პრობლემა. ასევე, იყო პროექტებიც, სადაც ფულიც იყო, მონდომებაც, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების, ბიუროკრატიული მარწუხების გამო, ვადაში ჩატევა ვერ მოახერხეს.

ეს მოცულობა ჯერჯერობით გადარჩა, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიის მზაობაზე“, - აცხადებს ლევან კოკაია.