„ბაზისბანკისა“ და „ლიბერთის“ გაერთიანება შესაძლოა გახდეს გარდამტეხი ნაბიჯი საქართველოს საბანკო სექტორში, სადაც წლებია მესამე ძლიერი მოთამაშის დეფიციტი იგრძნობა, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.

კეპულაძე ფიქრობს, რომ გაზრდილი კონკურენცია ბაზარზე საბანკო სექტორს გააჯანსაღებს და დადებითად აისახება მომხმარებელზე. მოლოდინია, რომ ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი,“ რომელიც “ბაზისბანკის“ უკან დგას, მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთებით შესთავაზებს.

„საქართველოში დიდი ხანია არსებობს მოლოდინი, რომ საბანკო სექტორში გაჩნდეს მესამე ძლიერი მოთამაშე, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს ორ ლიდერ ბანკს. „ლიბერთი ბანკი“ ზომით მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თავისი პროდუქტებითა და მომსახურებით მათთან სრულფასოვან კონკურენციას ვერ ახერხებდა.

„ბაზისბანკისა“ და „ლიბერთის“ გაერთიანება, რომელთა საერთო აქტივები ბაზრის დაახლოებით 10%-ია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ერთი მხრივ, ეს გაზრდის კონკურენციას ბაზარზე, რაც პირდაპირ დადებითად აისახება მომხმარებლებზე. მოსალოდნელია, რომ გაერთიანებული ბანკი მომხმარებლებს შესთავაზებს ახალ პროდუქტებს, საინტერესო კამპანიებს და უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბაზისბანკს“ წარსულშიც ჰქონდა „ლიბერთის“ შეძენის მცდელობა, თუმცა მაშინ გარიგება ვერ შედგა. ახლა კი, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამ პროცესს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. „ლიბერთი ბანკი“ ასოცირდებოდა ირაკლი რუხაძესთან, რაც გარკვეულ მომხმარებლებში ნდობის საკითხებს აჩენდა. მისი გასხვისება, შესაძლოა, დადებითად აისახოს ბანკის იმიჯსა და სანდოობაზე, განსაკუთრებით პენსიონერებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

თავის მხრივ უნდა ითქვას, რომ „ბაზისბანკის“ უკან დგას მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი“, რომელსაც აქვს როგორც ფინანსური რესურსი, ასევე განვითარების შესაძლებლობები. ეს ზრდის მოლოდინს, რომ გაერთიანებული ბანკი უფრო აქტიურად ჩაერთვება კონკურენციაში, გააუმჯობესებს პროდუქტებს და, საბოლოოდ, გავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთებზეც. ამ გაერთიანების შემდეგ მესამე მოთამაშესა და ლიდერ ბანკებს შორის არსებული დაშორება მცირდება,“ - განაცხადა კეპულაძემ.

„ბაზისბანკმა,“ რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ, „ლიბერთი ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებული გარიგება წარმატებით დღეს დაასრულა და „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%- ის მფლობელი გახდა.

წყარო: bm.ge