Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანზე სამხედრო იერიშის განხორციელებას დაუჭირა მხარი, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ დარტყმისგან თავი შეიკავა. წყაროების ცნობით, გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ირანის გადაწყვეტილება, დაახლოებით 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა გაეუქმებინა.
თეთრ სახლში შიშობდნენ, რომ ირანზე იერიში ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ ესკალაციას გამოიწვევდა, განსაკუთრებით რეგიონში აშშ-ის ძალების არასაკმარისი რაოდენობის ფონზე. ვაშინგტონს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ მისი მოკავშირეებიც, მათ შორის საუდის არაბეთი, კატარი და ეგვიპტე.
მიუხედავად ამისა, მაღალჩინოსნები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა ირანზე დარტყმის ბრძანება მომდევნო 2–3 კვირის განმავლობაში გასცეს, როდესაც რეგიონში გაგზავნილი ამერიკული ძალები სრულად განლაგდება.