კრემლს აღარ შეუძლია ან აღარ სურს ზოგიერთი „მოკავშირის“ დახმარება: არც სირიაში, არც ვენესუელაში, არც ირანში. რუსი კომენტატორები ვარაუდობენ, რომ უკრაინაზე თავდასხმამ პუტინის ყველა ძალა შებოჭა და რუსეთის გლობალურ როლს საფრთხე შეუქმნა. „ბავარიის რადიოს“ (BR24 - Bayerischer Rundfunk) მიმომხილველი, პიტერ იუნგბლუტი, რომელიც ასევე თვალს ადევნებს რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს, გვიამბობს როგორ აფასებენ იქ ამ საკითხს.

„მოსკოვის პოლიტიკა ადასტურებს, რომ მისმა ძალამ ზღვარს მიაღწია. მოსკოვი თანდათან კარგავს წამყვანი ძალის რეპუტაციას გლობალურ სამხრეთში, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში პოზიციონირებდა, როგორც დასავლური იმპერიალიზმისგან დამცველი“, - წერს კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტოლოგი, ანდრეი კალიტინი თავის უახლეს შეფასებაში.

ამის მიზეზია პუტინის აშკარა უუნარობა ან სურვილის არქონა, სამხედრო დახმარება გაუწიოს ისეთ „მოკავშირეებს“, როგორებიც არიან სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ან ირანის ხელმძღვანელობა, რომელიც დღეს დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„მოსკოვი იძულებულია, უკან დაიხიოს, მოკავშირეებს კარგავს და, შესაძლოა, ბოლოს ტრამპთან მოლაპარაკება მისსავე პირობებით მოუწიოს, - დაასკვნის კალიტინი, - უკრაინის წინააღმდეგ აგრესია კრემლისთვის ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა. ომმა არა მხოლოდ გამოფიტა რუსეთის რესურსები, არამედ წაართვა შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი, როგორც გლობალური მოთამაშის, როლი“.

მსგავსი შეფასება ახალი ამბების ამერიკულმა პორტალმა „ბლუმბერგმაც“ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის ყოფილი მოკავშირეების, მაგალითად კუბისა და ვენესუელის, ნდობა მოსკოვის მიმართ „ჩამოიშალა“, რადგან პუტინმა ვერ შეძლო მათი დახმარება მაშინ, როცა ეს „ყველაზე არსებითი იყო“. ამ მოსაზრებას რუსი რედაქტორებისა და ბლოგერების მხრიდან ფართო გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა.

„რუსეთი თანდათან ჩინეთის ვასალ სახელმწიფოდ იქცევა“

ერთ-ერთი ხშირად ციტირებადი ანონიმური რუსი პოლიტიკური ბლოგერიც ანალოგიურ მოსაზრებას ავრცელებს: „ამის ყველაზე მარტივი ახსნა ის არის, რომ კრემლმა მოიკიდა ტვირთი, რომლის ზიდვაც არ შეუძლია. მას არ გააჩნია ძალა და საშუალებები, რათა სამოკავშირეო ვალდებულებები შეასრულოს. მოსკოვი, საუკეთესო შემთხვევაში, დიქტატორების უკანასკნელი თავშესაფრად თუ გამოდგება“.

შთაბეჭდილება, რომ ოდესღაც წამყვანი ძალა (ან სულ მცირე, ძალა, რომელსაც გლობალურ სამხრეთში ლიდერობაზე ჰქონდა პრეტენზია), თანდათან ჩინეთის ვასალ სახელმწიფოდ ყალიბდება. ესეც უკრაინასთან ომის შედეგია“.

„ტრამპს სახელოში ცხრა ტუზი აქვს“

კრემლის მომხრე ბლოგერმა, ალექსეი ჟივოვმა (110 000 გამომწერი) მხრები აიჩეჩა და დაწერა: „ჩნდება ეჭვი, რომ აშშ-ის აგრესიულმა ქცევამ მოსკოვი საგონებელში ჩააგდო“. მან ასევე კომენტარი გააკეთა დიპლომატების წინაშე პუტინის ბოლოდროინდელ, მეტად უშინაარსო გამოსვლაზე: „ნუ მოტყუვდებით პრეზიდენტის ხაზგასმით მშვიდობიანი რიტორიკით; ის მსგავს განცხადებებს, როგორც წესი, ყველაზე მკვეთრი და შორსმიმავალი გადაწყვეტილებების მიღების წინ აკეთებს“.

ბლოგერი დიმიტრი სევრიუკოვი კი კრემლს ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს: „ვენესუელისა და ირანის მსგავს სიტუაციებში მთავარია, ყველა კარტი ერთდროულად არ გაათამაშო, განსაკუთრებით კი - კოზირები. ეს ხელს აძლევს დონალდ ტრამპს, რადგან სახელოში ცხრა ტუზი აქვს დამალული. ამიტომ, მის წინააღმდეგ თამაშს მხოლოდ ფრაერი თუ მოისურვებს“.

„მოსკოვის აგრესიულობა არ შემცირებულა“

სიფრთხილე გამოხატა პოლიტოლოგმა არტიომ ეკუშევსკიმაც: „რუსეთმა აუცილებლად უნდა უპასუხოს ვენესუელასა და ირანზე დასავლეთის მზარდ ზეწოლას, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს გონივრული, ასიმეტრიული და რეალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული. ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა ჩავერთოთ პირდაპირ დაპირისპირებაში ან თავი დაუძლეველი ეკონომიკური ვალდებულებებით დავიტვირთოთ. ჩვენი ძალა არასტანდარტულად მოქმედების უნარშია“.

რუსულმა ტელეგრამ-პორტალმა, რომელსაც 113 000 გამომწერი ჰყავს, დაწერა: „პუტინს არ სურს დამხობილი დიქტატორების რიგებს შეუერთდეს. მოსკოვის აგრესიულობა არ შემცირებულა, თუმცა გაუარესებულ საერთაშორისო კლიმატზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პუტინს სურს უკრაინის საკითხი 2026 წლის ნოემბრამდე გააჭიანუროს, როდესაც კონგრესის არჩევნების გამო, ტრამპის პოზიციები შესუსტდება. მაშინ რუსულმა მხარემ, შესაძლოა, უკეთესი შედეგის მიღწევაზე იფიქროს“.

ექსპერტმა იური დოლგორუკმა კი იმ მდგომარეობის საილუსტრაციოდ, რომელშიც მოსკოვი აღმოჩნდა, ასეთი შედარება გამოიყენა: „როგორც ფიზიკიდან ვიცით, წნევა სუსტ წერტილებს ეძებს. როდესაც ზედმეტი აკრძალვებითა და კონტროლით, ასეთ სუსტ წერტილებს თავად ქმნი სისტემაში, ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩამოიშლება. ამას ირანის მაგალითიც ნათლად ადასტურებს და შეიძლება მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ სათანადო დასკვნებს გამოიტანს ყველა, ვისაც სხვების შეცდომებზე სწავლა ჯერ კიდევ შეუძლია“.

წყარო: 1არხი