GCCA-ის ორგანიზებით, თემაზე - „როგორ გავხდეთ ინფორმირებული მომხმარებლები“, შეხვედრები თბილისის N 173-ე და N 133-ე საჯარო სკოლებში გაიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა, მოსწავლეებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკაში კონკურენციის მნიშვნელოვან როლზე იმსჯელეს და ის პრაქტიკული საკითხები განიხილეს, რომლებიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს პროდუქტის შეძენისას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებლის უფლებებს, მოვაჭრის ვალდებულებებსა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობას. შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა: მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებზე, მათ შორის - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ შეძენილი ნივთი მოლოდინს არ აკმაყოფილებს, რა ვადებშია შესაძლებელი ნივთის დაბრუნება და რომელ უწყებებს უნდა მიმართონ.
პროექტს GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს და მისი მიზანია ახალგაზრდებში მომხმარებლის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ინფორმაციას GCCA ავრცელებს