2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული.

წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასის ზრდაა, სადაც ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. ჯანდაცვის სექტორში ფასები მომატებულია 5.9%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი. რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის ზრდით არის განპირობებული.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (23.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.3 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (57.8 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.4 პროცენტი).