საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები Medimind, Kursi.ge, WisePay და Smarter Farm გახდნენ. სტარტაპები ეწევიან ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე საქმიანობას.
Smarter Farm ავითარებს აგროტექნოლოგიურ, ციფრულ პლატფორმას, რომელიც მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სტარტაპი ასევე ავითარებს პორტატულ მეტეო-სადგურებს, რომლებიც ადგილობრივი კლიმატისა და გარემო პირობების მონიტორინგს ახორციელებს. ანალიტიკური ალგორითმების საშუალებით ხდება ვენახებში დაავადებების პროგნოზირება, მორწყვის საჭიროების იდენტიფიცირება და შეწამვლის ეფექტურობის განსაზღვრა. - www.agrolog.ge
Medimind ქმნის კლინიკებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR) ციფრულ სისტემას, რომელიც პაციენტის ისტორიას ინახავს ელექტრონულ ფორმატში და სპეციალიზებული AI მოდულების საშუალებით ახდენს მონაცემთა ანალიზსა და რეკომენდაციების გენერირებას. პლატფორმაში ინტეგრირებულია AI ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სამედიცინო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე.
Kursi.ge ავითარებს სავალუტო კონვერტაციის სრულად ციფრულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ვალუტის ონლაინ გადაცვლის შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის მიზანია ტრადიციული სავალუტო ოპერაციების ციფრული ტრანსფორმაცია. პლატფორმა ეფუძნება კურსის დადგენის AI-ზე დაფუძნებულ ავტომატურ ფუნქციონალს და ღია ბანკინგის მიდგომებს. - www.kursi.ge
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს