„ირანის კონფლიქტმა სპარსეთის ყურის რეგიონში უკვე გამოიწვია სერიოზული ლოგისტიკური შეფერხებები“, - ამის შესახებ საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.
ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვითარება პირდაპირ გავლენას არ ახდენს ამერიკიდან ავტომობილების ტრანსპორტირებაზე, რადგან ძირითადი საზღვაო ხაზები სპარსეთის ყურეში არ შედის, გლობალურ ბაზარზე უკვე შეიმჩნევა ტანკერებისა და კონტეინერების დეფიციტი, რაც ზრდის ვადებსა და ხარჯებს.
„ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ახალი რეგულაცია, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. როდესაც გლობალური ლოგისტიკური სისტემა დამატებითი წნეხის ქვეშაა, ნებისმიერი ვადობრივი შეზღუდვა ბიზნესისთვის 1-ელ აპრილამდე კიდევ უფრო რთულ გარემოს ქმნის.
როცა საერთაშორისო გადაზიდვები შეფერხებულია და კონტეინერებზე ხელმისაწვდომობა შემცირებულია, ეს ზრდის რისკებს როგორც იმპორტიორებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, რომ დათქმულ დროს შესაძლოა ვერ მოესწროს შეძენილი ავტომობილების ტრანსპორტირების დაწყება ან დროულად არ მოხდება მისი ქვეყანაში შემოყვანა,“ - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, 1-ლი აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.