14 იანვრიდან ლუვრის მუზეუმის ვიზიტორთა ნაწილისთვის ბილეთის ფასი 22 ევროს ნაცვლად 32 ევროს შეადგენს. ფასის ზრდა ეხება ვიზიტორებს ევროპის ეკონომიკური ზონის გარედან (European Economic Area (EEA), რომელიც მოიცავს ევროკავშირს, ისლანდიას, ლიხტენშტაინს და ნორვეგიას.

მუზეუმის ადმინისტრაციის მოლოდინით, ფასის ზრდა მუზეუმს დამატებით წლიურად 15-20 მილიონ ევროს შემოსავალს მოუტანს.

ცვლილება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაანონსდა, მიზეზად კი მუზეუმის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება დასახელდა. 

საფრანგეთი ბილეთის ფასს ზრდის ვერსალის სასახლეშიც. შესვლა ძვირდება ასევე პარიზის ოპერასა და სენ-შაპელშიც. როგორც საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განმარტავს, განახლებული ფასების პოლიტიკა ყველა სახელმწიფო მუზეუმსა და ტურისტულ ობიექტს აძლევს საშუალებას სურვილის შემთხვევაში უფრო მაღალი ფასები დააწესონ.

ცნობისთვის, ლუვრში ვიზიტორების დღიური ლიმიტი დაწესდა - 30 000 ადამიანი.

ლუვრის მუზეუმს 2025 წელს 9 მილიონი ვიზიტორი ეწვია. ჯამური ვიზიტორების 60% ლუვრს პირველად ეწვია. ვიზიტორთა 27% საფრანგთის მოქალაქე იყო, დანარჩენი 73% უცხოელი ვიზიტორებისგან კი ევროპის ეკონომიკური ზონის გარედან მუზეუმს მხოლოდ 40% ეწვია. ვიზიტორების დაახლოებით 13% აშშ-ს მოქალაქეა, 5% - ჩინეთის. 

ლუვრმა რეკორდული ოდენობის სტუმარს 2018 წელს უმასპინძლა. მაშინ მუიზეუმს წლიურად 10,2 მილიონი ადამიანი ეწვია.