ენერგეტიკული ბირჟის გახსნის საჭიროება კერძო სექტორს გააჩნია - ამის შესახებ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს.

მისი თქმით, ბაზრის ლიბერალიზაცია კერძო სექტორისთვის და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობისაა - ბირჟა არა მხოლოდ ფასწარმოქმნის გამჭვირვალე მექანიზმს შექმნის, არამედ წერტილს დაუსვამს რესურსების არაეფექტურ ხარჯვას.

მაია მელიქიძის განმარტებით, ახალი სიმძლავრეების ფონზე, პერიოდულად ჩნდება ჭარბი ელექტროენერგია, რაც ბაზრის ახალ წესებზე გადასვლას მოითხოვს.

„ჭარბი პროდუქტი ავტომატურად ნიშნავს ფასის კლებას. ამიტომ აქ უნდა განვიხილოთ ორი მოცემულობა: ფასი წამოვა ადგილობრივ ბაზარზე, ანუ ბირჟაზე ქვევით, ან ინვესტორმა უნდა იხელმძღვანელოს იმ მოცემულობით, რომ ექსპორტზე გაიტანოს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ბირჟის შექმნა უკვე, ამ მოცემულობაში არსებითად გადამწყვეტია. თუ აქამდე ჩვენ ვამბობდით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა იგივე, უბალანსობასთან დაკავშირებით, დროა უკვე ეს გამოწვევები გადავლახოთ“, - აცხადებს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, პერიოდულად, ე.წ. „დაღვრები“ და შეზღუდვები, ენერგეტიკულ სექტორში ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა გახდება. ბირჟა კი, იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს დაარეგულირებს და სამართლიან ფასს დაადგენს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ ვსაუბრობთ უკვე შეზღუდვებზე და დაღვრებზე. შეზღუდვა და დაღვრა ნიშნავს წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის გაფლანგვას, რისი ფუფუნებაც ამ ქვეყანას არ გააჩნია. სწორედ ამის მიმართ შემხვედრი ნაბიჯი იქნება ბირჟა. ბირჟა დააბალანსებს ამ ყველაფერს. იგი უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე არა დაღვრას ან შეზღუდვას, არამედ უკვე ამ ელექტროენერგიის შესაბამისი ფასით - ობიექტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი და კონკურენციაზე დამყარებული ფასით რეალიზაციას.“

ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი, რომელიც ენერგეტიკულ ბირჟას უკავშირდება, იმპორტირებული ენერგიის წილია. მელიქიძე მიიჩნევს, რომ ბირჟა პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას უნდა უჭერდეს მხარს და მასზე იმპორტირებული ენერგია არ უნდა ხვდებოდეს.

„პრობლემად ყოველთვის ვასახელებდით იმას, უნდა მოხვდეს თუ არა ბირჟაზე იმპორტირებული ენერგია. პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არ უნდა მოხვდეს. აქ აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ის ელექტროენერგია, რომელიც ამ ქვეყანაშია ნაწარმოები. თბოელექტროსადგურები მუშაობენ გაზზე და გაზით წარმოებულ ელექტროენერგიას ჩვენ ასევე, განვიხილავთ როგორც იმპორტს. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ დავაბალანსოთ იმპორტი ისე, რომ გვქონდეს ჩვენი საკმარისი ელექტროენერგია და ამასთან, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ გენერაციას“ - ამბობს მაია მელიქიძე.

ბირჟის გახსნამდე დაახლოებით ერთი წელი რჩება, რაც, მაია მელიქიძის თქმით, მოსამზადებლად გადამწყვეტი პერიოდია. იგი სახელმწიფოს აქტიური დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა კერძო სექტორისთვის ყველა პირობა წინასწარ იყოს ცნობილი.

„ერთი წელი არის დარჩენილი და ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება ამ თემასთან დაკავშირებით გახსნილი დიალოგი სახელმწიფოსთან, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცოდეთ თამაშის ის წესები, რომელიც უკვე იმპლემენტირებული იქნება ბირჟაზე.“

საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნა 7-ჯერ გადავადდა. ამ ეტაპზე, მისი სრულფასოვანი ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისამდეა გადავადებული. 2024 წლის 1 ივლისიდან კი, ბირჟა გარდამავალი მოდელით, სატესტო რეჟიმში მუშაობს.

bm.ge