პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ თავდაცვის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც პრიორიტეტს შეკავებასა და მოწინავე ტექნოლოგიებს ანიჭებს, 2039 წლისთვის პოლონეთის არმია 500 000 სამხედრომდე გაიზრდება.
შეიარაღებული ძალების განვითარების ახალი პროგრამის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა გაიზრდება და მის რიგებში იქნება 300 000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე და 200 000 რეზერვისტი, მათ შორის - ახლად შექმნილ მაღალი მზადყოფნის რეზერვს.
პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ის (Polska Agencja Prasowa), ცნობით, საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა დეკემბერში მოაწერა ხელი, პოლონეთის არმიის ტრანსფორმაციის შვიდ სტრატეგიულ პრიორიტეტს განსაზღვრავს.
გეგმის მთავარი ელემენტი ხუთივე ოპერატიულ სფეროში - ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში - ასევე საინფორმაციო გარემოსა და ელექტრომაგნიტურ სპექტრში, შესაძლებლობების გაძლიერებაა.
ის ასევე ითვალისწინებს პოტენციალის შექმნას კოგნიტური ოპერაციებისთვის.
პროგრამა მოიცავს შეკავების ორ დონეს: „დასჯით შეკავებას“, რაც მტრის ძირითადი ცენტრების გასანეიტრალებლად ზუსტი დარტყმის სისტემების გამოყენებას გულისხმობს, და „თავდაცვით შეკავებას“, რომელიც ფოკუსირებულია ინტეგრირებულ სარაკეტო, საჰაერო და დრონების საწინააღმდეგო თავდაცვაზე და სამხედრო ძალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას მოემსხურება.
უპილოტო სისტემები და რობოტექნიკა ფართოდ დაინერგება ყველა შტოსა და საბრძოლო ფუნქციაში, მათ შორის - დაზვერვაში, მტერზე დარტყმაში, ლოჯისტიკასა და გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერაში.
დაგეგმვისა და მართვის ოპერაციებში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, რათა ქვეყანამ, ინფორმაციული და გადაწყვეტილების მიღების კუთხით, უპირატესობა მოიპოვოს.
მთავარ მიზნებს შორის ასევე სახელდება წვრთნების ხარისხის გაუმჯობესება, სწავლებების გააქტიურება და რეზერვის მზადყოფნის სისტემის ძირეული გარდაქმნა.
გეგმაში ასევე ხაზგასმულია დიდი, კარგად მომზადებული რეზერვის, როგორც ეროვნული თავდაცვის კრიტიკულ კომპონენტის, მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის დროს - ეს უკრაინის ომიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით გაკეთდა.
„ამ გეგმის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, მრავალრიცხოვანი და ტექნოლოგიურად განვითარებული შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზაზე, რომელსაც ექნება უნარი, უზრუნველყოს საიმედო შეკავება და გაიმარჯვოს თავდაცვით ომში“, - აღნიშნულია გენერალურმა შტაბის განცხადებაში.
წყარო: პოლონეთის რადიო, PAP, wojsko-polskie.pl 1 არხი