ხორვატია ეწინააღმდეგება უკრაინული მარცვლეულის ევროკავშირში ექსპორტის აკრძალვის წლის ბოლომდე გახანგრძლივებას. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

„ევროკავშირმა და უკრაინამ უნდა იპოვონ გამოსავალი, რომელიც უკრაინელ ფერმერებს მისცემს საშუალებას, იმუშაონ ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტით იმ მოცულობით, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მარია ვუჩკოვიცმა უკრაინის აგროპოლიტიკის მინისტრ მიკოლა სოლსკისთან ონლაინ შეხვედრისას.

როგორც მედია წერს, ხორვატია გახდა ევროკომისიაში იმ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი, რომლითაც 14 ქვეყნის მინისტრმა გამოთქვა შეშფოთება ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის დროებითი აკრძალვის გამო. ევროკომისიამ აღნიშნული შეზღუდვების ვადა 5 ივნისამდე დააწესა.