აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი.

როგორც რუბიომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ გრძნობს, რომ ისინი რამდენიმე ნაბიჯით უფრო ახლოს არიან ომის დასრულებასთან.

„ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ შესასრულებელი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ამასთან, მარკო რუბიოს განცხადებით, ისინი მეტ დეტალს შეიტყობენ მაშინ, როდესაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დაბრუნდება ქვეყანაში.

ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, რამდენი დრო აქვს რუსეთის პრეზიდენტს, რომ თანხმობა განაცხადოს ცეცხლის შეწყვეტაზე, რაზეც რუბიომ აღნიშნა: „საკითხავია, არა რამდენი ხანი, არამედ, რეალურად, მივდივართ თუ არა ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა?“.

რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, ენდობა თუ არა ვლადიმერ პუტინს, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს არარელევანტური შეკითხვაა, რადგან საქმე ეხება არა ნდობას, არამედ ქმედებას.

„ჩვენ სერიოზულად თუ ვუდგებით საგარეო პოლიტიკას, უნდა გავემიჯნოთ ამგვარ საუბრებს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

1tv.ge