უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიოს წამყვანი თამბაქოს კომპანიები Japan Tobacco International (JTI) და Philip Morris International ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა.
სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიები აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას და მისი ეკონომიკას მხარდაჭერას.
კერძოდ, თითქმის 35%-იანი წილით, Japan Tobacco International რუსეთში თამბაქოს ბაზრის უდავო ლიდერია. კომპანია რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით: Winston, LD, Mevius, Camel, Sobranie.
"გასული 20 წლის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკაში JTI-ის ინვესტიციებმა $4.6 მილიარდს გადააჭარბა. 2020 წელს კომპანიის საგადასახადო გადახდებმა შეადგინა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის 1.4%. თავად კომპანიამ ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე 2022 წელს JT Group-მა დაახლოებით $2 მილიარდი გამოიმუშავა - ანუ მისი 2022 წლის კონსოლიდირებული შემოსავლის დაახლოებით 11%", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ JTI-ის წარმომადგენლებმა რუსეთში ახალი ინვესტიციებისა და მარკეტინგული საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადეს, თუმცა კომპანია კვლავ აგრძელებს პროდუქციის წარმოებას და დისტრიბუციას რუსეთში.
სიის მიზანია წაახალისოს საერთაშორისო ბრენდები, დატოვონ რუსეთი და დაფინანსება შეუმცირდეს ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც ომს აფინანსებს.