თბილისში ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის ტენდერის წინადადებები გაიხსნა - 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობის განცხადება მუნიციპალური განვითარების ფონდს სამმა კომპანიამ წარუდგინა. დაფიქსირებული ფასი 744.9 მილიონი ლარიდან 850 მილიონ ლარამდე მერყეობს, რაც ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე ანუ 876 მილიონ ლარზე 131.1-26 მილიონი ლარით ნაკლებია.

ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია არის "ანაგი", რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირება და მშენებლობა 850 მილიონ ლარად შესთავაზა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა 744.9 მილიონი ლარის ოდენობით.

ახალი სტადიონი Design Build-ის პირობებით უნდა აშენდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვლენილი გამარჯვებული პასუხისმგებელი იქნება როგორც არქიტექტურული ნახაზების მომზადებაზე ასევე შემდგომ სამშენებლო სამუშაოებზე. წარდგენილი პროექტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს.

თბილისის ახალი სტადიონის სამშენებლო წინადადებები ასე ნაწილდება:

  • ანაგი (საქართველო) - 850 მილიონი ლარი;
  • მაქრო ქონსთრაქშენი და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) - 789.4 მილიონი ლარი;
  • YDA İNŞAAT (თურქეთი) - 744.9 მილიონი ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამივე კომპანიამ წარადგინა გამოუხმობი საბანკო გარანტია 8.7 მილიონი მილიონი ლარის ოდენობით.

ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან საქართველოში სტადიონის მშენებლობის გამოცდილება კომპანია "ანაგს" აქვს, რომელმაც ბათუმის 20,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი 145 მილიონ ლარად ააშენა.

რაც შეეხება სხვა კომპანიების გამოცდილებას, კომპანია YDA İNŞAAT-ის ვებგვერდის მიხედვით, კომპანია ჩართულია თურქეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში, როგორიცაა ავტომაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, სამრეწველო ობიექტების მშენებლობა და სხვა. ვებგვერდის თანახმად კომპანიის მიერ შესრულებულია 15,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტი ქალაქ კარაბუკში.

ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ახალი სტადიონის აშენებისთვის 51 თვე ანუ 4 წელი და 3 თვე ექნება, შესაბამისად თუკი გამარჯვებული წელს გამოვლინდება, მისი მშენებლობა 2029-2030 წლებში უნდა დასრულდეს.