რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ, უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნების, რუმინეთისა და ბულგარეთის, ტერიტორიული წყლებით მარცვლეულის ტრანსპორტირების ვარიანტს განიხილავს.
თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის განცხადებით, ეს ვარიანტი რუსეთის მხრიდან ტვირთებზე სარაკეტო თავდასხმის რისკებს შეამცირებს. ელჩის თქმით, შეთანხმების შეჩერების შემდეგ, აგრესორს შეუძლია ცეცხლი გაუხსნას პორტებისა და გემების ინფრასტრუქტურას, რომლებიც მარცვლეულს გადაიტანენ.
„რუსები პორტების დარტყმით იმუქრებიან. ეს არის რისკი, რომელიც გავლენას ახდენს სადაზღვევო და გადამზიდავ კომპანიებზე. სავარაუდოა, რომ ოკუპანტები ვერ განახორციელებენ ყველაფერს, რაზედაც საუბრობენ, მაგრამ საფრთხე რჩება“, - აღნიშნა ბოდნარმა.
დიპლომატმა განმარტა, რომ რისკების დაზღვევისთვის უკრაინამ ფონდი შექმნა და ქვეყანას შესაძლებლობა აქვს მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის სხვადასხვა კომპანიები და გემები მიიზიდოს.
„შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მარშრუტიც კი არ გამოვიყენოთ და მარცვლეულის ტრანსპორტირება მოვახდინოთ რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიული წყლებით. ეს არის შესაძლო ვარიანტი რისკების შესამცირებლად“, - აღნიშნა ბოდნარმა.