უკოფეინო ყავამ შეიძლება ისეთივე გამოცოცხლების ეფექტი არ მოგცეთ, მაგრამ შესაძლოა მან ტვინს ისეთი უპირატესობა შესთავაზოს, როგორიც კოფეინის შემცველ ვერსიას არ გააჩნია.
ახალ, პატარა ექსპერიმენტში, ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ იმ მონაწილეებმა, რომლებიც უკოფეინო ყავას სვამდნენ, აჩვენეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მეხსიერების ორ ტესტში.
კოფეინიანმა ყავის მსმელებმა ვერა.
კვლევის შედეგები აპრილში გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში და აჩვენებს, რომ როცა ყავას ვსვამთ, ჩვენს ტვინზე კოფეინის გარდა კიდევ სხვა რაღაც ახდენს გავლენას.
მიზეზი შეიძლება ნაწლავის მიკრობები იყოს.
ექსპერიმენტი პატარა და წინასწარია, თუმცა, ნეირომეცნიერებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ ეჭვი, რომ ყავას, თუნდაც კოფეინის გარეშე — შეუძლია „ააღელვოს“ ჩვენს ნაწლავებში არსებული ზოგიერთი „მჭამელი“ და შეცვალოს ტვინთან მათი „საუბრის“ მანერა.
„ყავა მეტია, ვიდრე უბრალოდ კოფეინი — ის კომპლექსური დიეტური ფაქტორია, რომელიც ურთიერთქმედებს ჩვენი ნაწლავის მიკრობებთან, მეტაბოლიზმთან და ემოციურ კეთილდღეობასთანაც კი. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ყავა — იქნება ის კოფეინიანი თუ უკოფეინო გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე განსხვავებული, მაგრამ ურთიერთშემავსებელი გზებით“, — განმარტავს ირლანდიის კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნეირობიოლოგი ჯონ კრაიანი.
მისი ლაბორატორია ფოკუსირებულია იმის შესწავლაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებს ნაწლავები და მისი მიკრობიომი თავის ტვინთან და პირიქით.
2013 წელს კრაიანმა და მისმა კოლეგამ, ტედ დინანმა გამოიგონეს ტერმინი „ფსიქობიოტიკები“, რათა აღეწერათ, როგორ შეუძლიათ პრობიოტიკებს ნაწლავის მიკრობიომის ფორმირება და ტვინთან კომუნიკაციის გზით ფსიქიკური ჯანმრთელობის პოტენციური გაუმჯობესება.
ამჟამად კრაიანი დაინტერესებულია იმის დადგენით, თუ როგორ შეიძლება ყავამ გავლენა მოახდინოს „ნაწლავი-ტვინის ღერძზე“. ის ეჭვობს, რომ დილის ყავის ან ჩაის სასარგებლო თვისებები შესაძლოა უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ნაწლავურ მიკრობებთან, ვიდრე კოფეინთან.
მართლაც, კოფეინს შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის (სისხლი-თავის ტვინის ბარიერი) გადალახვა და პირდაპირ ნევროლოგიურ ქსოვილთან ურთიერთქმედება, მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ ათასზე მეტ ნაერთს შორის, რომლებსაც ყავა შეიცავს.
სურათი გაცილებით უფრო რთულია. ყავა პრობიოტიკებს არ შეიცავს, მაგრამ შეიცავს მრავალ პოლიფენოლს — მცენარეულ ნაერთებს, რომლებიც ცნობილია, რომ კვებავს ადამიანის ნაწლავებში არსებულ მიკრობებს.
„გვაინტერესებდა გვენახა, მოახდენდა თუ არა ყავა — მასში შემავალი პოლიფენოლების მეშვეობით — გავლენას მიკრობიომზე“, — ამბობს კრაიანი.
კრაიანის ლაბორატორიაში ბოლო ექსპერიმენტი 31 ყავის მსმელს შორის ჩატარდა, რომლებსაც სთხოვეს, ორი კვირით შეეწყვიტათ დღეში 3-5 ფინჯანი ყავის სმა.
შედეგი იყო მნიშვნელოვანი ცვლილება მათი განავლის ნიმუშებში არსებული ნაწლავის მიკრობთა პროფილებში.
ყავის შეწყვეტის ამ პერიოდში, მონაწილეთა ნახევარს უკოფეინო ყავას ასმევდნენ მეორე ნახევარს კი კოფეინიანს. არავინ იცოდა, რომელს სვამდნენ.
ამის შემდეგ, სამი კვირის განმავლობაში დღეში ოთხი ფინჯანი ხსნადი ყავის მიღებამ მიკრობიომში მკვეთრი ცვლილებები გამოიწვია, მიუხედავად იმისა, შეიცავდა თუ არა ის კოფეინს.
მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სტრესის, დეპრესიისა და იმპულსურობის შემცირებული დონე ყავის სმის განახლების შემდეგ — მაშინაც კი, როდესაც საქმე უკოფეინო ყავას ეხებოდა.
„აშკარა იყო კავშირი მათ გარკვეულ კოგნიტურ ეფექტებს, იმუნურ ეფექტებს, სტრესის ეფექტებსა და მიკრობიომს შორის“, — განმარტავს კრაიანი.
თუმცა, საინტერესოა, რომ მხოლოდ კოფეინიანი ყავის სმის გაგრძელება აღმოჩნდა დაკავშირებული შფოთვისა და ფსიქოლოგიური დისტრესის შემცირებასა და ყურადღებისა და სიფხიზლის გაუმჯობესებასთან.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ კოფეინს შეიძლება სპეციფიკური ეფექტები აქვს შემეცნებასა და ხასიათზე, როგორც ამას სხვა კვლევებიც იუწყება.
„თუმცა, ალბათ ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ როდესაც ყავა დავაბრუნეთ, უკოფეინო ყავის გამოყენებამაც ძალიან საინტერესო შედეგები მოგვცა. შესაბამისად, საქმე მხოლოდ კოფეინს არ ეხებოდა“, — ამბობს კრაიანი.
მხოლოდ იმ მონაწილეებმა, რომლებიც უკოფეინო ყავას სვამდნენ, აჩვენეს ექსპერიმენტში მეხსიერების ორ ტესტში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყავის მიღების განახლებისას.
ამ ტესტებში მონაწილეებს გარკვეული რაოდენობის სიტყვებისა და ადგილმდებარეობების შესწავლა და დამახსოვრება უწევდათ.
უკოფეინო ჯგუფმა სიტყვების ტესტის რამდენიმე ნაწილში უკეთესი შედეგი აჩვენა, ხოლო მდებარეობის ტესტში ნაკლები შეცდომა დაუშვა.
თუმცა, კოფეინის მიმღებ ჯგუფში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ გამოვლენილა.
დამატებითი კვლევის გარეშე მეცნიერებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ასე.
შესაძლოა, ყავაში შემავალი პოლიფენოლები კვებავს ნაწლავის მიკრობებს და იწვევს შინაგან ცვლილებათა ჯაჭვს, რაც საბოლოო ჯამში, კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას განაპირობებს.
თეორიულად, ყავას შეუძლია შეცვალოს ის მეტაბოლიტები, რომლებსაც მიკრობები იყენებენ და ისიც, თუ როგორ თანამშრომლობენ ისინი ერთობლივად.
„პატარა კვლევაა, რომელიც ბევრ კითხვას სვამს“, — აღიარებს კრაიანი.
თუმცა, ყავასთან დაკავშირებულმა სხვა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ უკოფეინო ყავასაც კი შეუძლია გამოფხიზლებაში და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ.
„იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება კვლავ ფიქრობს კვების რაციონის ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ოპტიმალურ ბალანსს უზრუნველყოფს, ყავის გამოყენებაც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დამატებითი საშუალება ჯანსაღი და დაბალანსებული კვების რაციონის ფარგლებში“, — აღნიშნავს კრაიანი.
კოფეინი მხოლოდ აისბერგის წვერია.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ucc.ie-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: პირველი არხი