ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ სააგენტოს უფლებამოსილებების გაფართოება და მის მანდატში ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის დამატება პროდუქციის ფალსიფიცირების გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.
როგორც ვასილ მანაგაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის პირობებში ეს მიმართულება ნაკლებად ეფექტიანი იყო, რის გამოც, სავარაუდოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მანდატის გაფართოება გადაწყდა. თუმცა, მისივე თქმით, ისმის კითხვა, რამდენად შეძლებს სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიან კონტროლს თავად ღვინის ეროვნული სააგენტო?
„ბოლო ორ წელიწადში რეკორდული რაოდენობის ცვლილებები შევიდა კანონშიც, რეგულაციებშიც და იქამდე მივედით, რომ რაღაც დამატებითი გადასახადები შემოიღეს. რაც მთავარია, ეს ხდება კოსმოსური სისწრაფით, დარგისგან ფარულად. ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ რაღაც ძალიან დიდი განუკითხაობაა რეალურად ამ სექტორში. ერთადერთი პოზიტიური არის ის, რომ როგორც იქნა, მგონი, მარეგულირებელი ორგანო მიხვდა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ფალსიფიკაციის ქვეყანაში და ახლა იძულებულები არიან, რაღაც ზომები მიიღონ. რამდენად გამოგვადგება ჩვენ რეალურად მათ მიერ მიღებული ზომები - ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - რომ რეალურად, ქვეყანაში ეს პრობლემა არის.
ამ პრობლემის მოგვარება პირველ რიგში, ევალებოდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც ახლა დამატებითი ფუნქციები დააკისრეს და ეს რამდენად შედეგის მომტანი იქნება, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამას, რადგან მათ რა მოვალეობებიც ჰქონდათ, იმასაც ვერ ასრულებდნენ, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ კიდევ დამატებითი ფუნქცია და მოვალეობები დაუმატეს... ადგილობრივ ბაზარზე კონტროლი, ექსპორტის კონტროლი, ხარისხის კონტროლი, - ეს, რა საკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი აქამდეც უნდა გაეკეთებინა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, ღვინის ეროვნულ სააგენტოსაც და ფაქტია, რომ ეს არ ხდებოდა. ახლა ხდება დაჩქარებული წესით ამ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გაუგებარია, რეალურად რა შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.
ვრცლად: bm.ge