უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ბერლინში გამართული ეროვნული ფედერაციების შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაში უეფას ყველა წევრმა (55 ქვეყანა) მიიღო მონაწილეობა.
დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იყო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) მომავალი მართვა და ხელმძღვანელობის საკითხები.
„ბოლო თვეების განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებების მოთხოვნის შემდეგ, უეფა და ყველა ეროვნული ფედერაცია (აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გარდა) შეთანხმდნენ ფიფას რეფორმირების მკაფიო ვექტორზე.
ეროვნულმა ფედერაციებმა კვლავ გაუსვეს ხაზი იმას, რომ დაკარგეს ნდობა ფიფას მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართ. მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმა საკმარისი არ იქნება. ფიფა-ს ასევე სჭირდება ახალი ხელმძღვანელობა: ადამიანი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს და ორგანიზაციის გაერთიანება შეუძლია, მჭიდროდ არის დაკავშირებული ფეხბურთთან, აქვს მართვის ხედვა და გამოცდილება, შეუძლია მოიპოვოს ნდობა ყველა რეგიონში და უკომპრომისოდ ერთგული იყოს განვითარებისა და რეფორმების საქმეებში.
რეფორმისა და ფიფას მომავალი ხელმძღვანელობის საკითხის განხილვა გაგრძელდება – როგორც უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებს შორის, ასევე მათ კოლეგებთან მთელი მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით.
უეფას 55 ეროვნული ფედერაციის მორიგი შეხვედრა 2026 წლის ნოემბერში გაიმართება“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.