თურქმენეთში „ჭკვიანი ქალაქი“ - არკადაგი გაიხსნა, რომელიც 70 000 მოსახლეზეა გათვლილი და  რომლის მშენებლობაზეც 4 წელი და მრავალი მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

არკადაგი ანუ მფარველი, სწორედ ასე მიმართავენ თურქმენები პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის მამას - გურბანგული ბერდიმუჰამედოვს, რომელიც თურქმენეთს 15 წელი მართავდა. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა „ჭკვიანი ქალაქის“ პრინციპით აგებული ქალაქი მამის 66 წლის იუბილეზე გახსნა. არკადაგი რუსულ ყაზანსა და ქართულ თელავს უკვე დაუძმობილდა.

თურქმენული გამოცემის Altyn Asur-ის მიხედვით, პროექტი ორეტაპიანია. ქალაქი ოფიციალურად 29 ივნისს გაიხსნა და მის მშენებლობაზე 3,3 მლრდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

„ახლა დასრულებულია მშენებლობის პირველი ეტაპი - აშენდა 336 კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა დანიშნულების ობიექტი. ახალი „ჭკვიანი“ ქალაქი აერთიანებს მოწინავე ციფრულ, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და მწვანე ტექნოლოგიებს.

მთლიანობაში, პირველ ეტაპზე 3,3 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც 2023 წლიდან 2026 წლამდე გაგრძელდება (რისთვისაც დამატებით 1,5 მილიარდი დოლარის დახარჯვა იგეგმება), არკადაგში აშენდება კვების, სამრეწველო, ფარმაცევტული და სამედიცინო პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ობიექტები. ქალაქში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იცხოვრებს“, - წერს გამოცემა.

ქალაქში მხოლოდ ელექტროტრანსპორტი მოძრაობს, ცენტრში კი აღმართულია ერის მფარველ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ცხენიანი სკულპტურა. არკადაგი გაფორმებული შადრევნებით, პარკებითა და სკვერებით, მაგრამ ქუჩები უკაცრიელია. აშკარაა, იქ არავინ ცხოვრობს.

თურქმენული მედია იუწყება, არკადაგი „ჭკვიანი“ ქალაქის ნიმუშია, რომელიც მთლიანად ეფუძნება მოწინავე ციფრულ, საინფორმაციო და „მწვანე“ ტექნოლოგიებს.

მშენებლობაშიც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენეს. შემთხვევით არ იყო, რომ ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც თურქმენეთის პრეზიდენტს და თურქმენეთის ნაციონალურ ლიდერს ორი ახალი ელექტრომობილი TOGG-ი გადასცა.

ვინ იცხოვრებს ამ არკადაგში, ჯერჯერობით უცნობია.