თურქეთში ტურისტული ნაკადის დონე პროგნოზირებულ მაჩვენებლებს აღემატება. ამის შესახებ Şahinler Holding-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ქემალ შაჰინმა განაცხადა.

„2023 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,51%-ით გაიზარდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 წელს ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, მინიმუმ 20%-ით მეტი იქნება. ამასთან, ტურიზმიდან შემოსავალი 30%-ით გაიზრდება.

მხოლოდ ანტალიაში ტურისტების რაოდენობამ, პირველ ხუთ თვეში, 2019 წლის შედეგს უკვე გადააჭარბა“, - განაცხადა ქემალ შაჰინმა.

მისი თქმით, 2022 წელს თურქეთის ტურიზმიდან შემოსავალმა 46,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 53,4%-ით მეტია.

„2022 წელს ტურისტების რაოდენობა 75%-ით გაიზარდა და 51,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ზრდა წელსაც გრძელდება. ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანამ წელს ამ დროისთვის 60 მილიონი ტურისტი და 56 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ პროგნოზით, 2028 წლისთვის თურქეთს შეუძლია 90 მილიონი ტურისტს უმასპინძლოს, ტურიზმიდან შემოსავალი კი 100 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს“, - აღნიშნა შაჰინმა.

ამავე ინფორმაციით, ანტალიაში წელს, 5 თვის განმავლობაში ჩასული ტურისტების რაოდენობა უკვე აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, რომელიც თურქეთისთვის ტურისტული ნაკადის კუთხით რეკორდული წელი იყო.

„პირველ 5 თვეში ანტალიას 3 მილიონ 405 ათას 458 ტურისტი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტია. წელს კი ანტალიაში ტურისტების რაოდენობა მოსალოდნელს 12%-ით აჭარბებს.

2019 წელს ანტალიამ იანვარ-მაისში 3 309 285 ტურისტი მიიღო, ხოლო 2022 წლის ამავე პერიოდში - 2 422 349.

ანტალიამ ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან მიიღო. მეორე ადგილზე რუსეთი, ხოლო მესამეზე დიდი ბრიტანეთია.