წელს ზაფხულის სეზონზე ოკუპირებულ ყირიმში ტურისტები პრაქტიკულად არ ჩავლენ. რეგიონში ბინების გაქირავების მაჩვენებელი 1%-მდე დაეცა, რისი მიზეზიც ომის შიში და დაკეტილი აეროპორტებია.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ჯერ კიდევ მარტში მიხვდა, რომ ეს სეზონიც წარუმატებელი იქნებოდა და ამ სფეროში მომუშავე ბიზნესს მხარდაჭერა დასჭირდებოდა.
ტურისტები, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმში აღარ დაისვენებენ, დიდი ალბათობით, სოჭსა და ყუბანის ქალაქებს აირჩევენ.
ჯავშნების რუსული საიტების სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს საცხოვრებელი ბინების ტურისტებზე გაქირავების მაჩვენებელი 3%, ხოლო 2021 წელს - 19% იყო. იალტა, სევასტოპოლი და ფეოდოსია ტრადიციულად ყველაზე პოპულარული ადგილებია ტურისტებში, თუმცა აქაც დაბალი მოთხოვნის გამო, ზაფხულში ბინების გაქირავება 7-8%-ზე ჩამოვიდა.
მოთხოვნის შემცირება ასევე დასტურდება რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია „ვციომ“-ის გამოკითხვის შედეგებითაც. კვლევის თანახმად, რუსების წილი, ვინც მომავალი არდადეგების გატარებას ოკუპირებულ ყირიმში გეგმავს, 2020 წლის მაჩვენებელს, 5%-ს უტოლდება.
ბინების გაქირავების სექტორში მომუშავე ბიზნესის ხედვით, ბინების დაქირავებაზე მოთხოვნის კლება პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ბოლო პერიოდში ოკუპირებული ყირიმი ტურისტებისთვის სახიფათო ადგილად აღიქმება. უსაფრთხოების დონის შემცირებას გასულ დღეებში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებაც დაემატა.