ქართველებისთვის 2023 წლის ზაფხულის ერთ-ერთი პოპულარულ სამოგზაურო მიმართულებად კვლავ თურქეთი რჩება. ქართველი დამსვენებლების უმეტესობას ზაფხულის ჯავშნები უკვე გაკეთებული აქვთ.

ქართულ ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ერთად მოთხოვნადია ეგვიპტე და საბერძნეთი, რადგან ამ ქვეყნებში დასვენება შედარებით დაბალბიუჯეტურია.

Check in Travel-ის დამფუძნებელი ია გედევანიშვილი ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით ტურისტული პაკეტების ფასი 15-20%-მდეა გაზრდილი, რაც ფრენების გაძვირებას უკავშირდება.

„ტურისტული პაკეტები გაძვირდა, რაც გამოიწვია იმან, რომ გაძვირდა როგორც ფრენები და საწვავი, ასევე აეროპორტის მოსაკრებელიც. ზაფხულის ტურებზე საშუალო ფასი ერთ ადამიანზე 1400 ლარიდან იწყება.

წელს გასული წლის მსგავსად, ქართველი მომხმარებლებისთვის მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ თურქეთი რჩება. ასევე გააქტიურდა მოთხოვნა ეგვიპტეზეც, რომელიც გასულ სეზონზე აქტიური არ იყო. წელს სავარაუდოდ მონაცემები გადანაწილდება, მოგზაურების 2/3 არჩევანს კვლავ თურქეთზე გააკეთებს, 1/3 კი ეგვიპტეში იმოგზაურებს.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ორი მიმართულების გარდა მოთხოვნადია ევროპაც, მას შემდეგ, რაც Wizzair-მა ფრენები აღადგინა, ქართველი დამსვენებლისთვის ევროპის ბიუჯეტური ქვეყნები მოთხოვნადი მიმართულებაა“ - ამბობს Check in Travel-ის დირექტორი.

გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.2-ჯერ მეტია. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთზე მოდის.