რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, რუსეთში საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა 2 კვირაში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.
„ტურისტული კომპანიების თქმით, ტურისტული პაკეტები მას შემდეგ გაიყიდება, რაც ავიაბილეთები გლობალური დაჯავშნის სისტემებში გამოჩნდება. ეს შეიძლება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდეს," - განმარტავენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოში ფრენის უფლება 15 მაისს მიანიჭა. ის პირველ ჩარტერულ რეისს 17 მაისს შეასრულებს. 19 მაისიდან კი პირდაპირი ფრენები მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების დაწყების ნებართვა Georgian Airways-ს მისცეს. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი 20 მაისიდან დაიწყებს.