მას შემდეგ რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და პრეზიდენტის პოსტი 5  წლის ვადით გაიხანგრძლივა, თურქული ლირა 0,4%-ით გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

სტამბოლის დროით დილის 10:15 საათზე ერთი დოლარის ღირებულება 20 ლირა იყო, თუმცა  უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ლირა კვლავ გაუფასურდება და წლის  ბოლომდე  28%-ით დაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 დოლარის ღირებულება 28 ლირა იქნება. იმ შემთხვევაში კი თუ ერდოღანმა უარი თქვა კურსის შეცვლაზე. Wells Fargo & Co. ვარაუდობს, რომ ვალუტა კვარტალის ბოლოს 23-ს მიაღწევს.

გამოცემა წერს, რომ ერდოღანის გამარჯვება უცხოელ ინვესტორებს არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებს, ერდოღანის არატრადიციულმა ეკონომიკურმა მიდგომამ, რომლის თანახმადაც, საპროცენტო განაკვეთების შემცირება ინფლაციასაც შეამცირებს, ბაზარზე ახალი რეგულაციებისა და ჩარევების საჭიროება გამოიწვია. ამან კი უარყოფითად იმოქმედა უცხოელ ინვესტორებზე, ასევე თურქული აქციებისა და ობლიგაციების ღირებულებაზეც. გარდა ამისა თურქული აქციებისა და ობლიგაციების მთლიანი უცხოური ღირებულება  დაახლოებით 85%-ით შემცირდა, რაც 2013 წლიდან მოყოლებული 130 მილიარდ დოლარს  შეადგენს.

”აშკარაა, რომ ეკონომიკის ამჟამინდელი მოდელი არ მუშაობს, სავარაუდოდ ეს  ერდოღანმა იცის და მოუწევს  ორდინალურ პოლიტიკაზე გადასხვლა, რადგან სხვაგვარად ის არ იქნება მდგრადი“ - აღნიშნა Strateji Portfoy-ის ფულის მენეჯერმა ბურაკ ჩეტინჩეკერმა.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ცნობით, ერდოღანი ხმების 53.41%-ით უსწრებს თავის ოპონენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელსაც ხმების 46.59% აქვს.