საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი ქვეყნის სახელით და აღნიშნა, რომ ისეთი მშვიდობის დაშვება, რომელიც კაპიტულაციას დაემსგავსება, ყველასთვის ცუდი ამბავი იქნება, მათ შორის აშშ-ისთვის.

„ერთადერთი კითხვა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, ნამდვილად, მტკცედ და საიმედოდ სურს თუ არა პრეზიდენტს პუტინს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ამ საფუძველზე. ამის შემდეგ უკრაინელების გადასაწყვეტია მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩვენ, ყველამ კოლექტიური სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ხანია, ამბობს, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის უსაფრთხოებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდით და აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებით.

ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტება შეაფასა, როგორც ბიძგი ევროკავშირისთვის, მეტი ინვესტიცია ჩადოს საკუთარ თადაცვაში, ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

წყარო: 1tv.ge