შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანია Swatch მალაიზიის მთავრობას მისი მაღაზიებიდან ლგბტქ თემატიკის საათების ამოღების გამო სასამართლოში უჩივის. 

კომპანია შსს-ის თანამშრომლების მიერ წაღებული 172 საათის დაბრუნებას და $14 000-ის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 

მალაიზიის ხელისუფლების პოზიციით, საათები, რომელიც ძალოვანმა უწყებამ მაღაზიებიდან მაისში წაიღო, ლგბტქ პროპაგანდის გამომხატველი იყო, ქვეყანაში კი „არატრადიციული ორიენტაციის“ ქონა კანონით ისჯება. 

Swatch-მა სარჩელი კუალა-ლუმპურის უმაღლეს სასამართლოში ივნისში შეიტანა. საქმის განხილვა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება.

კომპანიის პოზიციით, ცისარტყელას ფერების საათებს „არანაირად არ შეეძლოთ დაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგი, ზნეობრივი ან საკანონმდებლო ნორმები“.

თავის სარჩელში Swatch აღნიშნავს, რომ საათები „არავითარ სექსუალურ აქტივობას არ უწყობდნენ ხელს, არამედ მხოლოდ მშვიდობის, სიყვარულის და მხიარულების გამომხატველი იყო“.

სარჩელში მოპასუხე მხარეებად მალაიზიის შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავრობაა დასახელებული.