საავტომობილო კონცერნის Stellantis NV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა თანამდებობა დატოვა. Stellantis-ის პრესრელიზის თანახმად, კომპანიის დირექტორთა საბჭომ ტავარესის გადადგომა 1 დეკემბერს მიიღო.
„ახალი მუდმივი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის პროცესს ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭოს სპეციალური კომიტეტი და დასრულდება 2025 წლის პირველ ნახევარში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე კომპანიას უხელმძღვანელებს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ელკანი.
ტავარესი ხელმძღვანელობდა Stellantis-ს, რომელიც ჩამოყალიბდა Fiat Chrysler-ისა და PSA Group-ის შერწყმის შედეგად, დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მისი ხუთწლიანი კონტრაქტი 2026 წლის დასაწყისში იწურებოდა.