ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრიშვილის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ჩინური ელექტრონული კომერციისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიური კომპანია JD.com-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და რეალიზაციის შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იგეგმება ქართველ მწარმოებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია JD.com-ის პლატფორმის სხვადასხვა პრემიუმ კატეგორიაში განათავსონ, რაც მათთვის ჩინელ მომხმარებლებამდე მისვლის დამატებით არხს შექმნის.
სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის დეტალების განსაზღვრის მიზნით, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ასევე მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართული პროდუქციის პლატფორმაზე პოპულარიზაციასა და გაყიდვების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
JD.com ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის საქმიანობა ელექტრონულ კომერციას, ლოგისტიკას, მიწოდების ჯაჭვის მართვასა და ინდუსტრიულ სერვისებს მოიცავს.