აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის (დიდი ოცეულის) სამიტზე მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ის მიწვევას მიიღებს.
"ჩვენ პრეზიდენტი პუტინი ამ შეხვედრაზე მოვიწვიეთ. ვფიქრობთ, რომ მისთვის ეს არის შესაძლებლობა, ისაუბროს არა მხოლოდ [აშშ-ს] პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ მიწვევას მიიღებს" - განაცხადა რუბიომ ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას
მისი თქმით, "კარგი იქნებოდა", თუ დონალდ ტრამპი და პუტინი მაიამიში ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
"მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ისინი სულ მცირე ათჯერ მაინც ესაუბრნენ ერთმანეთს. ასე რომ, დიახ, ჩვენ დიალოგისთვის კვლავ ღია ვართ" - დასძინა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, "იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს, უნდა შეხვდე ადამიანებს, რომლებსაც არ ეთანხმები".
ცნობისთვის, 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მაიამიში G20-ის სამიტზე ჩავიდეს და პუტინს შეხვდეს. კრემლის პრესსპიკერმა ამ შესაძლებლობას "შეუძლებელი" უწოდა. პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის მხოლოდ მოსკოვში.