სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტს შეუერთდა.

3 ოქტომბერს რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა.

სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.

სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა.


,,მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.